2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ინვესტორებს, შეუსრულებელი ვალდებულებების გამო, ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 321 105 დოლარისა და 54 422 258 ლარის ჯარიმა აქვთ დაკისრებული, - ამის შესახებ წერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2023 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში.
„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი ფუნქციაა პრივატიზებული და მართვის უფლებით გადაცემული აქტივების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და შესაბამისი ხელშეკრულებების მონიტორინგი. კერძოდ, ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე დაკისრებული გადასახდელების/პირგასამტეხლოს აღრიცხვისა და ამოღების კონტროლი. ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული მონაცემების შესაბამისად, 2023 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ხელშეკრულებების საფუძველზე, მისაღები პირგასამტეხლო შეადგენს − 71,644,358 ლარს და 131,313,169 აშშ დოლარს, ხოლო 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით − 54,422,258 ლარს და 116,321,105 აშშ დოლარს. მათ შორის, 2023 წელს დარიცხულია პირგასამტეხლო 7,784,383 ლარის და 7,479,640 აშშ დოლარის ოდენობით.
ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ინფორმაცია დაკისრებული პირგასამტეხლოებით წარმოშობილი მოთხოვნების და შემოსავლების შესახებ არ არის ასახული სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში. თანხების არსებითობისა და მისი შინაარსიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ყოველწლიურად ფასდებოდეს პირგასამტეხლოების დაკისრების და ამოღების შესაძლებლობა. ამასთანავე, ფინანსური ანგარიშგების მომხმარებლებისათვის სამართლიანი ინფორმაციის მოწოდების მიზნით, დაკისრებული პირგასამტეხლოების შესახებ ინფორმაცია ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხული უნდა იყოს აღრიცხვის ინსტრუქციის მოთხოვნების შესაბამისად, რაც სააგენტოს მიერ არ არის განხორციელებული. მსგავსი ხარვეზი იდენტიფიცირებულია ეკონომიკის სამინისტროს წინა წლების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიშებშიც და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაცია, რომელიც ანგარიშგების თარიღისთვის არ არის შესრულებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ მოვიპოვეთ რწმუნება სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში 2023 წლის 1 იანვრის და 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მუხლში − „მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები“ ასახული ნაშთების და ასევე მუხლში − „შემოსავლები სანქციებით, ჯარიმებით და საურავებით“ აღიარებული შემოსავლების სისრულესა და სისწორესთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.