თიბისი კაპიტალის ახალი პუბლიკაციის მიხედვით, ინფლაციის მხრივ, ნოემბრიდან, პროგნოზის შესაბამისად, შემცირება გამოიკვეთა და დეკემბერში ფასების წლიურმა ზრდამ 4% შეადგინა.
თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მიმდინარე წლის დასაწყისში ინფლაცია გაიზრდება, მარტიდან კი, ნაწილობრივ საბაზო ეფექტების გათვალისწინებით, შენელებას განაგრძობს და წლის ბოლოს 3.5%-ს მიაღწევს. ამ კუთხით ასევე საყურადღებოა გაზაფხულიდან, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდა და, მეორე მხრივ, სურსათის ფასების შესაძლო კორექტირება, რასაც, რა თქმა უნდა, ინფლაციის პროგნოზზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.
თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, რეინვესტიციების გამორიცხვით, მცირედით, თუმცა მაინც დადებითი იქნება.
„საყურადღებოა, რომ, ზედიზედ სამი კვარტალია, სეზონურად შესწორებული მიმდინარე ანგარიში პროფიციტშია, მაშინ როდესაც ისტორიული მონაცემებით აქამდე აღნიშნული მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის მესამე კვარტალში დაფიქსირდა. მიმდინარე ანგარიშის გაუმჯობესებაში წამყვან როლს მომსახურების ექსპორტის ზრდა ასრულებს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორიდან. ასევე გამოსაყოფია, ერთი მხრივ, იმპორტის ზრდის ტემპის შენელება, ხოლო, მეორე მხრივ, ფულადი გზავნილებისა და ტურისტული შემოსავლების მატება. რეინვესტიციების ჩათვლით, პროგნოზის თანახმად, მიმდინარე ანგარიშის ჯამური დეფიციტი 2025 წელს მშპ-ის 2.7%-ს მიაღწევს, რაც აგრეთვე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში.