„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ (TCRC) ახალ პუბლიკაციაში წერს, რომ ბოლო წლებში საქართველოს საავტომობილო გზებზე ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობა შემცირდა. ამასთან, სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობა – 2022 წელს 2021 წელთან შედარებით - 50%-ით გაიზარდა და ლოგიკურად, მომდევნო წლებში ზრდის დინამიკა უნდა შენარჩუნებულიყო, თუმცა ბოლო წლებში საქართველოს დერეფნის საავტომობილო გზებზე სატრანზიტო გადაზიდვებმა დაღმავალი ტენდენცია მიიღო - 2023 წელს ტრანზიტად საქართველო გადაკვეთა – 514 300 ერთეულმა სატვირთომ, 2024 წელს – 513 600 ერთეულმა, 2025 წელს – 489 500 ერთეულმა.

ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით (კონსოლიდაციის გარეშე), 2025 წელს სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ხაზინაში 171 286 748 ლარი შევიდა, 2024 წელს 179 432 915 ლარი, 2023 წელს კი, 181 998 905 ლარი.

შესაბამისად, ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2025 წლის იანვარ-დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.146 მლნ ლარით შემცირდა, 2023 წელთან შედარებით კი 10.712 მლნ ლარით.

TCRC წერს, გადაზიდვების კლების მიზეზად, გადამზიდავი კომპანიები და ცალკეული მძღოლები გაჭიანურებულ სასაზღვრო-საბაჟო პროცედურებს ასახელებენ. მათივე განმარტებით მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საბაჟო პუნქტებში რიგები, მებაჟეების პასიური მუშაობა, დაუსაბუთებლად გაზრდილი სატრანზიტო – 350 ლარი და პარკის – 80 ლარი გადასახადები, რომლებსაც, მათი თქმით, არ მოჰყვება ადეკვატური სერვისები.

მათივე მტკიცებით, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი გადამზიდველები ხშირად მარშრუტს იცვლიან, აღნიშნული კი ნეგატიურად აისახება სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე.

„ერთ მანქანას ერთ საათში უშვებენ და, რა თქმა უნდა, რიგი იქნება. ვლადიკავკაზში ჩასვლა-ჩამოსვლას ორი კვირა უნდები, დაიღალნენ მძღოლები, ბოლოს აღარავინ წავა და უარესი არ იქნება?! რატომ ვერ დალაგდა ეს საზღვარი, რა გახდა, არცერთ ქვეყანაში ასე არ ხდება“, - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, ქართველი მძღოლები საზღვრებზე არასაკმარისი პერსონალის რაოდენობაზე ამახვილებენ ყურადღებას – „ხშირად ათი კაცის საქმეს ერთი ადამიანი ასრულებს. საბაჟოზე მძღოლები ვიტანჯებით, რატომ არ უნდა დაალაგოს ეს საკითხი სახელმწიფომ?“. ანდაც – „არსად არაფერია დალაგებული, ლაგოდეხში ღამით ერთ ადამიანს ამუშავებენ, აზერბაიჯანის მხრიდან კილომეტრიანი რიგია, წითელ ხიდზე კიდევ უარესი – საბაჟოზე პერსონალი არ არის, კიდევაა დასამატებელი“.

გარდა გაჭიანურებული სასაზღვრო–საბაჟო პრობლემებისა, გადამზიდავი კომპანიის მძღოლები – დერეფნის გასწვრივ მაღალ გადასახადებზე აკეთებენ აქცენტს. კერძოდ, ისინი წინასასაზღვრო პარკების სიძვირეზე ამახვილებენ ყურადღებას – „პარკის გადასახადი 80 ლარია, არანაირი სერვისი არ გააჩნია. შეამცირეთ – 80 ლარი ძალიან ძვირია“.

მძღოლები საზღვრებზე ინფრასტრუქტურის არასრული დატვირთვით გამოყენებასა და მისგან გამომდინარე სისტემურ პრობლემაზეც საუბრობენ – „საქართველოს ყველა საზღვარზე ერთი და იგივე პრობლემაა, ოთხი რიგის ნაცვლად ყველგან ერთ რიგს ამუშავებენ, დანარჩენი გასასვლელები დაკეტილია“.

გარდა გამშვები პუნქტების ინფრასტრუქტურის დაბალი დატვირთვით გამოყენებისა, არსებობს სასაზღვრო გადასასვლელები სადაც გაჭიანურებულია ინფრასტრუქტურის მოწყობა – „დარიალის გამშვებ საბაჟოზე ერთი წელია თითქმის აკეთებენ ერთ გამშვებ ხაზს, მაგრამ საშველი ვერ დაადგა. ძირითადად სატვირთო მძღოლები ტანჯვას გადიან. მოსულია დრო, რომ მძღოლები საძებარი გაგიხდებათ და მერე როგორ იქნება ტვირთის ბრუნვა, დაინახავთ. დააფასეთ მძღოლის შრომა“.

მძღოლები საზღვრებზე სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას – „რუსეთის მხარე დარიალის საზღვარს აფართოებს, ჩვენებმა ორი გამშვები ვერ გააკეთეს, რომ ნორმალურად ვიმოძრაოთ“. ანალოგიურ პრობლემაზე აღნიშნავენ სხვა მძღოლებიც– “ზემო ლარსზე მინიმუმ, რვა ზოლი მაინც უნდა მუშაობდეს, ამუშავებენ ორს, არ ყოფნის ეგ ორი ზოლი, დიდი ნაკადია პატრონი არავინ არაა”.

ახალქალაქის რეგიონში დროში გაჭიანურებული და დაუსრულებელი საგზაო პროექტები სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილების სირთულეებს ქმნის, რაც პირველ რიგში საქართველოზე გამავალი დერეფნის და სატრანზიტო გადაზიდვებზე ნეგატიურად აისახება.

გადამზიდავები სახელმწიფოთაშორის ახალქალაქი–კარწახის საავტომობილო გზის მონაკვეთის სავალალო მდგომარეობაზე ამახვილებენ ყურადღებას – „ორმოების თავიდან ასარიდებლად საპირისპიროდ მოძრავი მანქანები ერთმანეთს გზას ვუთმობთ. ვთხოვთ ქვეყნის ხელმძღვანელობას, ყურადღება მიაქციონ ამ პრობლემას და მიიღონ შესაბამისი ზომები გზის აღსადგენად“.

გადამზიდველი მძღოლები კომპლექსურად უყურებენ სისტემაში არსებულ პრობლემებს, გარდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებისა, ყურადღებას ამახვილებენ მძღოლების მიმართ საპატრულო პოლიციის გულგრილ დამოკიდებულებაზე – „მარტყოფთან შემოვლით გზაზე ხშირია, პატრულის ზერელე დამოკიდებულება, გზა დაკეტილი აქვთ და მარტყოფში გეუბნება, რომ ცარიელსაც არ შეგიძლია გასვლა. ხშირად მალფუჭებადი ტვირთით თუ ხარ, მაგალითად, ატმით დატვირთული, გეკუთვნის პრიორიტეტში გავლა, მაინც არ გატარებს, მიუხედავად იმისა, რომ ნატახტარში ასეთი მალფუჭებადი ტვირთით დატვირთული მანქანებისთვის იმხელა პარკია გაკეთებული, მიუხედავად ამისა, პატრული მარტყოფში გვაჩერებს 38 გრადუს სიცხეში იმ მოტივით, რომ იქნებ ნატახტარში ადგილი არ იყოსო. არადა, მარტივად შესაძლებელია პროგრამაში ცარიელი და დაკავებული ადგილების ნახვა და სათანადო გადაწყვეტილების მიღება. ნატახტარში 380 ცარიელ ადგილს აჩვენებდა და პატრული მძღოლს ეუბნება, იქნებ ადგილები არ იყოსო, და არც გისმენს, ეს ყოველივე ხელოვნური ბარიერის შექმნის ტოლფასია”.

ხშირად მძღოლები საპატრულო სამსახურის მოუქნელ, ხისტ მუშაობაზე ჩივიან – „უაზრო შეზღუდვებია დაწესებული რიკოთის მონაკვეთზე, არც წყალი, არც ელემენტარული რაიმე სანიტარული სერვისი. იქნებ რამე რეაგირება მოახდინონ – ამ ტვირთნაკადის გასატარებლად, სათანადო სერვისების გარეშე საქართველო ჯერ მზად არ არის“.

გარდა გაჭიანურებული სასაზღვრო–საბაჟო პროცედურებისა, გადამზიდავები სატრანსპორტო კვანძებთან ინფრასტრუქტურის გაუმართაობაზე, კერძოდ, ბათუმის ნავსადგურთან მისასვლელი გზის უხარისხობაზე ამახვილებენ ყურადღებას – „სატრანსპორტო დერეფნით მილიარდები კეთდება, შემოსავალი სად მიდის? ბათუმის პორტი მილიონებს შოულობს და პორტის წინ ოთხი თვეა გზა ვერ შეუკეთებიათ. ნუთუ მერიას არ რცხვენია? ის მაინც გააკეთე, საიდანაც ფული შემოდის? ყველა მძღოლი დამეთანხმება, ფული რომ იშოვება, დახარჯე და გზა გამიკეთე, შე ოჯახაშენებულო. განა მეტს ვითხოვ? მე რომ არ ვიყო და არ ვიარო, მაგ ფულს ხომ ვერ იშოვი, არა? ჩემით შოულობ და ელემენტარული გზა მოაწესრიგეთ, ხომ შეიძლება?!“.

„დღეს ყველას სურს ტვირთი ჩაიტანოს „იაფად და სწრაფად“, თუმცა ხშირად სერიოზულ სისტემურ ხარვეზებს ეჯახება. მთავარი პრობლემა ის არის, რომ პრობლემებზე რეაგირება ხშირად მხოლოდ წესებისა და შეზღუდვების დაწესებით შემოიფარგლება, მაგრამ პრაქტიკულად არანაირი ყურადღება არ ექცევა სერვისის გაუმჯობესებასა და სისტემის ოპტიმიზაციას. დღეს სატრანსპორტო სექტორი – მძღოლები, გადამზიდავები და ლოგისტიკური კომპანიები – ყოველდღიურად ურთულეს გზას გადიან და ბევრ პრობლემას ეჯახებიან. ხშირად გართულებული ბიუროკრატიული პროცედურების გამო ზარალდებიან კომპანიები და ამ პროცესში ქვეყანა კარგავს საერთაშორისო პარტნიორების ნდობასა და კონკურენტუნარიანობას“, - ვკითხულობთ TCRC-ის კვლევაში.

TCRC აღნიშნავს, რომ 2023–2025 წლებში საქართველოს დერეფნის სატრანზიტო მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის ტრანზიტული გადაზიდვების 5%-იანი შემცირების ტენდენცია შეინიშნება.

ამასთან, 2022 წელს 50%-იანი ზრდის ფონზე, სახელმწიფომ გზით სარგებლობის საფასურის არსებული გადასახადი 200 ლარიდან 350 ლარამდე 75%-ით გაზარდა.