საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობა, ტექნიკური დახმარების მისიის ფარგლებში მუდმივად აქვს. როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, თამთა სოფრომაძე აღნიშნავს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF)  შეფასებები ეროვნულ ბანკთან თანხვედრაშია.

თამთა სოფრომაძის ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოკლე მიმოხილვის მთავარი აქცენტები - მონეტარული პოლიტიკა და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეროვნული ბანკის მთავარი მანდატია.

"საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღიარებს, რომ საქართველოს ეკონომიკა მედეგია, მიუხედავად მიმდინარე გაურკვევლობისა და გამოწვევებისა, რაც დღეს გლობალურად ხდება. ფონდის ეკონომიკური პროგნოზები საკმაოდ პოზიტიურია და 2025 წლისათვის დაახლოებით, 7.2%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ, ხოლო ინფლაციის კუთხით კი, სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს არიან, 3.4%-ს პროგნოზირებენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებები და რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა გააგრძელოს ეროვნულმა ბანკმა თითოეული მიმართულებით მუშაობა, ეროვნული ბანკის ხედვასთან თანხვედრაშია.

ფონდი მოკლე მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ძირითადი მიმართულებაა - მონეტარული პოლიტიკა და ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეს ყველაფერი კი, ეროვნული ბანკის მთავარი მანდატია. მინდა გითხრათ, რომ ფასების სტაბილურობა ფასდება იმით - სამიზნე მაჩვენებელი შესრულებულია, თუ არა. ფონდი (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) აღნიშნავს, რომ ბოლო 2 წლის საშუალო ინფლაცია 1.8%-ია, ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი 3%-ია, ხოლო ფონდი პროგნოზირებს, როგორც წელს, ასევე მომავალ წლებში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება.

რეკომენდაციები მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით არის, რომ მონეტარული პოლიტიკა ნეიტრალურად შენარჩუნებული და მოქნილი უნდა იყოს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის მიმართებით, არც ზედმეტად მკაცრი უნდა იყოს და არც რბილი. ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ თუ დავინახავთ, მოვლენები უფრო პოზიტიურად ვითარდება, ვიდრე ამას ვპროგნოზირებდით, მზად ვართ - ნეიტრალურ მაჩვენებელს მალე დავუბრუნდეთ, მაგრამ ასევე თუ დავინახავთ, რომ ინფლაციური რეალურია და ინფლაციის პროგნოზი მაღალი იქნება, ასევე ამ ყველაფერს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით ვუპასუხებთ. მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები, ბოლო პერიოდში საკმაოდ ფრთხილია, იქიდან გამომდინარე, რომ რისკებს ვხედავთ. რა თქმა უნდა, ფინანსური სტაბილურობა ეროვნული ბანკის მთავარი მიზანია. ამასთან, ერთგული ვრჩებით ლარიზაციის პოლიტიკის, რომელიც გრძელვადიანი პროცესია", - აღნიშნავს თამთა სოფრომაძე.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2025 წლის მიმოხილვა გამოაქვეყნა. IMF-ის გამოქვეყნებულ ანგარიშში, საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6%-დან 7.3%-მდეა.

წყარო: ბიზნესპარტნიორი