თბილისში გამართულ აბრეშუმის გზის რიგით მეხუთე ფორუმზე გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კუპრაშვილმა, პანელურ დისკუსიაზე „Georgia: Nexus for Investments“ საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და ფინანსურ სექტორში მიმდინარე ტრენდები მიმოიხილა.

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები იღებდნენ. დისკუსიაზე განხილული იყო ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობი, მომავალზე ორიენტირებული საინვესტიციო პოლიტიკა, ასევე მაღალი გავლენის მქონე ინვესტიციები და მდგრადი ზრდის გეგმა.

გიორგი კუპრაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო უკვე აღარ წარმოადგენს ცალკე მდგომ ბაზარს და იგი საინვესტიციო სფეროში რეგიონული ოპერაციული ჰაბი და რეგიონზე წვდომის საუკეთესო საშუალება ხდება ინვესტორებისთვის.

„რეგულაციური ღიაობის, ფინანსური ინფრასტრუქტურის გამართულობისა და სტრატეგიული მდებარეობის კარგი კომბინაციით, საქართველოში კომპანიებს რეგიონში ყველაზე კარგი სასტარტო პირობები ეძლევათ. საქართველოდან კომპანიებს შეუძლიათ სომხეთის, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის ბაზრებზე წარმატებით გავიდნენ“, - განაცხადა გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.

დისკუსიის მეორე ნაწილი ფინანსური და ფინტექ სექტორების განვითარებას მიეძღვნა. გიორგი კუპრაშვილმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საქართველოში სტარტაპების, აქსელერატორებისა და სხვა პროგრამების შექმნის მიუხედავად, ეკოსისტემის გაძლიერებისთვის მეტი კერძო ინვესტიცია, გამოცდილი მენეჯერებისა და საერთაშორისო ბაზრებზე ორიენტირებული სტარტაპების ჩართვა აუცილებელია.

The 5th Tbilisi Silk Road Forum, რომელიც 2025 წლის 22–23 ოქტომბერს იმართება, 60-ზე მეტი ქვეყნის 2,000-ზე მეტ დელეგატს — სახელმწიფო მეთაურებს, მინისტრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსა და ბიზნესლიდერებს აერთიანებს. ფორუმის წლევანდელი თემა — “Invest in Connectivity – Grow in Stability” — ხაზს უსვამს რეგიონული თანამშრომლობის, ეკონომიკური ინტეგრაციისა და სტაბილური ზრდის მნიშვნელობას გლობალური პარტნიორობის გაღრმავების გზაზე.