ტრადიციული წარმოდგენით, გამორჩეული საახალწლო დეკორაციები ხელნაკეთია, თუმცა NurbsbyDapna ამ სტერეოტიპს არღვევს და სადღესასწაულო ესთეტიკაში სრულიად ახალ, ტექნოლოგიურ ხედვას ამკვიდრებს. ის 3D ბეჭდვით საახალწლო სათამაშოებს აწარმოებს და ციფრულ შესაძლებლობებს ხელშესახებ, ექსპრესიულ ფორმებად გარდაქმნის.
არქიტექტურული ხედვა მინიატიურაში
სოფია ო’ნილს, რომელსაც რობოტებთან და არქიტექტურულ პროექტებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, 3D ბეჭდვით სათამაშოების შექმნის იდეა ბუნებრივად გაუჩნდა.
„მე რობოტებთან არქიტექტურული განხრით და 3D ბეჭდვასთან უკვე ვმუშაობდი. საახალწლო სათამაშო კი 3D ბეჭდვისთვის იდეალური აღმოჩნდა: პატარა ფორმატია, მათი მთავარი დანიშნულება სილამაზე და პრაქტიკულობაა, შესაბამისად, კრეატივისთვის დიდი სივრცე რჩება“, – ამბობს სოფია ო’ნილ.
ფორმები, რომლებსაც ხელით ვერ შექმნი
NURBS-ის მთავარი უპირატესობა ტექნოლოგიური შესაძლებლობებია. 3D ბეჭდვა საშუალებას იძლევა, შეიქმნას ისეთი გეომეტრიული სტრუქტურები, რომელთა დამზადება ტრადიციული მეთოდებით (ჩამოსხმა, გამოთლა) შეუძლებელია.
„მაგალითად, ეს ისეთი ფორმებია, რომლებიც შიგნიდან ცარიელია, მაგრამ ამავდროულად ძალიან რთული, ერთმანეთში გადახლართული სტრუქტურა აქვს. ტრადიციულად, ამას ან ფორმის დაშლა, ყალიბი, ან დეტალებად აწყობა დასჭირდებოდა, ხოლო 3D ბეჭდვა საშუალებას გაძლევს, ეს ყველაფერი ერთ მთლიან ობიექტად, ერთ პროცესში შექმნა“.
ციფრული სიზუსტისა და ემოციის სინთეზი
სოფია აღნიშნავს, რომ დიზაინი, რომელიც ერთდროულად ფუტურისტულია და თან ძალიან ნაცნობი, ადამიანებს თვითგამოხატვაში ეხმარება:
„ჩემი დიზაინები ნაცნობ ობიექტებს ახალ ფორმას აძლევს. ისინი ერთდროულად ფუტურისტული და ესთეტიკურად უცხოა, მაგრამ მაინც ნოსტალგიურად ნაცნობი“.
ნულოვანი ნარჩენი და პრაქტიკული ღირებულება
თანამედროვე ბიზნესისთვის ეკოლოგიური პასუხისმგებლობა არჩევანი აღარ არის, ეს აუცილებლობაა. NURBS-ის წარმოების პროცესი სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება:
„ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი ნარჩენის მაქსიმალური შემცირება და იმავდროულად ისეთი ნივთების შექმნაა, რომლებსაც ადამიანები არ გადააგდებენ. ამიტომ ჩემთვის პრიორიტეტულია გამძლეობა, არამტვრევადობა და ვიზუალური ღირებულებაა“, - ამბობს სოფია.
გარდა ეკოლოგიური ასპექტისა, 3D ნაბეჭდი სათამაშოები პრაქტიკულ პრობლემასაც ჭრის: ისინი, ტრადიციული შუშისგან განსხვავებით, არ ტყდება.
NurbsbyDapna-ს მაგალითი გვიჩვენებს, რომ ტექნოლოგიას შეუძლია დღესასწაული კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოს. ახალი წელი ხომ თამამი ექსპერიმენტებისა და სიახლეებისთვის საუკეთესო დროა, 3D პრინტერით შექმნილი სათამაშოებიც სწორედ ამის სიმბოლოა. როცა ტექნოლოგია და წარმოსახვა ერთიანდება, საზღვრები ქრება და რჩება უსაზღვრო შესაძლებლობები.
ზუსტად ამ გზით - თამამი იდეებითა და ტექნოლოგიური ექსპერიმენტებით - ერთ დროს ახალი წლის ესთეტიკა ჯორჯ კობიმ შეცვალა. საუკუნის წინ მინის ინოვაციური სათამაშოებით ქართველმა მეწარმემ და გამომგონებელმა ყველასთვის საყვარელ დღესასწაულს გლობალური მასშტაბით ახალი იერსახე შესძინა. საქართველოს ბანკის საახალწლო ვიდეო სწორედ მასზე გვიყვება - ადამიანზე, რომლის იდეამ დროს გაუსწრო და ახალი წელი გააფერადა.
ნახეთ ვიდეო ჯორჯ კობის შესახებ აქ:
https://www.facebook.com/share/v/1ABForCepN/