“თიბისი კაპიტალის“ ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მარტიდან აგვისტოს ჩათვლით სავალუტო ბაზრიდან 1.5 მლრდ დოლარი შეისყიდა.

„ივლისში სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა დეპოზიტების დოლარიზაცია და სესხების ლარიზაცია. რაც შეეხება ლარზე მოქმედ სხვა ძირითად ფაქტორებს, აშშ დოლარი გლობალურ ბაზრებზე კვლავ სუსტი რჩება, თუმცა ივლისში თვიურად გაუფასურების მასშტაბი საკმაოდ შემცირდა, ხოლო წმინდა სავალუტო შემოდინებები ივლისში მცირედით ისევ გაუმჯობესდა. ამის ფონზე, თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი და გრძელვადიანი წონასწორობის მოდელები კვლავ მიუთითებს, რომ ლარი წონასწორულ დონესთან შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც უფრო სუსტია. ლარის გამყარების მიმართულებით ზეწოლაზე მიანიშნებს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მხრიდან განგრძობითი სავალუტო ინტერვენციებიც, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. მხოლოდ ივლისში სებ-მა 417 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში კი - ჩვენი შეფასებით, ჯამურად, დაახლოებით, 1.5 მილიარდი აშშ დოლარი“, - აღნიშნულია თიბისი კაპიტალის ყოველთვიურ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაში.

საინვესტიციო ბანკში ლარის გამყარების პოტენციალზე მიუთითებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ სენტიმენტების ცვლილება გამორიცხული არ არის.

„მიმდინარე წელს, განსაკუთრებით II კვარტალიდან, გააქტიურებულია ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები. აღნიშნულში იგულისხმება როგორც უცხოური ვალუტის დეპოზიტების უკან ლარში გადახურდავება, ასევე სესხებში, პირიქით, უცხოური ვალუტის წილის ზრდა. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ გასული წლის შემოდგომაზე, ლარის გაუფასურების მოლოდინებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვა. ამავდროულად, როგორც ჩვენს არაერთ პუბლიკაციაში იყო განხილული, ეს ერთგვარი დაგროვილი ბუფერის როლსაც ასრულებდა, რომელიც სენტიმენტების ცვლილებისას უკვე ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებდა. ჩვენი შეფასებით, ამ ბუფერის ჯამური მოცულობა დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ფარგლებშია, საიდანაც, სხვადასხვა ანალიტიკური შეფასების გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ ნახევარზე მცირედით ნაკლები უკან კონვერტაციების კუთხით ჯერ კიდევ ასათვისებელია. შესაბამისად, გაცვლითი კურსის მხრივ, ეს კვლავ ლარის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ფაქტორად რჩება, თუმცა სენტიმენტების ცვლილება, როგორც ყოველთვის, გამორიცხული არაა“, - განმარტავენ ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვის ავტორები.

bm.ge