საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკური დაძაბულობა ლარის კურსზე ძალიან უარყოფითად აისახა და ქვეყანაში დევალვაციის მძლავრი ტალღა დაიწყო. მართალია, ყველა ეკონომიკური პარამეტრი ჯერ კიდევ მწყობრშია და უშუალოდ ამ ფაქტორის გავლენა ეროვნულ ვალუტაზე არ მოქმედებს, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობის გამო გაცვლითი კურსი მკვეთრ გაუფასურებას განიცდის. ,,ბლუმბერგის" სავაჭრო პლატფორმაზე ლარი 2,90-იან ნიშნულს მიუახლოვდა, არჩევნებიდან დღემდე 14 თეთრით გაუფასურდა და სწორედ მიმდინარე პოლიტიკურ დაძაბულობას უკავშირდება.
თუკი ასე გაგრძელდება, სამომავლოდ, როცა პანიკა ჩაცხრება, ლარის გამყარება შეიძლება გაჭირდეს. ეროვნული ბანკის რეზერვები ისედაც ძალიან შემცირებულია და არის საფრთხე, რომ ლარის სტაბილურობის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდეს, რაც შემდეგში დომინოს პრინციპით სხვადასხვა მიმართულებაზე აისახება და ეკონომიკასაც დააზარალებს.
როგორი იქნება კურსი, მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და პოლიტიკურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული, რისი მოლოდინიც ჯერჯერობით არასახარბიელოა. პოლიტიკური ვნებათაღელვა და დაძაბულობა შესაძლოა, ასე მარტივად და მოკლე პერიოდში ვერ ჩაცხრეს.
შესაბამისად, როგორც "აისეტის" კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა მკვლევარმა დავით კეშელავამ განაცხადა, ეროვნულ ბანკს გრძელვადიან პერიოდში რეზერვების გამოყენებით კურსის დაჭერის შესაძლებლობა აღარ აქვს, ამიტომ მოსალოდნელია, რომ ლარი მკვეთრად გაუფასურდეს.
,,ძნელად შესაფასებელია, ლარის კურსი სამომავლოდ რას იზამს. ეს დამოკიდებულია, თუ რა მიმართულებით წავა პროცესები, მოლოდინი კი სახარბიელო არ არის. როგორც ჩანს, დაძაბულობა გაგრძელდება, ეროვნულ ბანკს კი გრძელვადიან პერიოდში რეზერვების გამოყენებით კურსის დაჭერის შესაძლებლობა არ აქვს, ეს გამორიცხულია. ფიზიკურად აღარ არის საშუალება, თუკი პოლიტიკური ვითარება არ დაწყნარდება, უცხოური ვალუტის რა მარაგიც გააჩნია სებ-ს ლარის დასასტაბილურებლად არასაკმარისია. არსებული რეზერვები ლიკვიდურობისთვისაა განკუთვნილი და არა კურსის გასამყარებლად.
ალბათ, ინტერვენციები მაინც იქნება. სამწუხაროდ, ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს ბაზრისთვის მიწოდებული უცხოური ვალუტის მოცულობის შესახებ, ამიტომ არ ვიცით, რა რაოდენობის დოლარი გაყიდეს ან იყიდება ყოველდღიურად. შესაბამისი ინფორმაცია გაუმჭვირვალეა", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონასს" კეშელავამ.
მისი თქმით სავალუტო ბაზარზე მდგომარეობის დასტაბილურება დამოკიდებულია, როგორ გავითარდება სიტუაცია ქვეყანაში. წნეხი თუ ვერ მოიხსნა, გაუფასურების ტენდენცია არ შეიცვლება.
,,კურსი სიმპტომივითაა, ეკონომიკაში მიმდინარე პროცხესებს ზედმიწევნით ასახავს. პროცესები კი განსაკუთრებით საშიშია და ამ ყველაფრის გამოძახილია სავალუტო ბაზარი. საშიშ პროცესში ვგულისხმობ დასავლეთთან ურთიერთობის დამძიმებას, ფაქტობრივად, კავშირის გაწყვეტას, რაც ახლანდელი მთავრობის მიერ გაცხადდა და მოკლევადიან და გრძელვადიან პერიოდშიც დიდ პრობლემას გამოიწვევს, რა თქმა უნდა, თუკი ეს ვითარება არ შეიცვლება", - დასძინა ჩვენთან საუბრისას მკვლევარმა.
ვრცლად: www.resonancedaily.com