ბიზნესი ანაზღაურებას ვეღარ ზრდის და ვერც კვალიფიციურ კადრებს ასაქმებს. შესაბამისად, ხშირია შემთხვევა, როცა პროფესიონალები იძულებული არიან ალტერნატიული სამსახური ეძებონ და წავიდნენ ქვეყნიდან. იმისთვის, რომ დანაკლისი შეავსოს, კომპანიებს ხშირად სტუდენტები ან ახალბედა კადრები აჰყავთ  სტაჟირებაზე, განსაზღვრული პერიოდით ამუშავებენ და ზოგჯერ ანაზღაურებასაც არ გასცემენ. პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია, ხალხი სულ უფრო მეტ ანაზღაურებას ითხოვს, ბიზნესს უკვე ეს არ სიამოვნებს და არც შეუძლია მეტის გადახდა.

ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამშენებლო დარგი, ტურიზმი და სამეწარმეო  ბიზნესი, ხელფასები ჯერ კიდევ შარშან დააკორექტირეს და მინიმუმ მომავალ წლამდე გადახედვა არ იგეგმება. როგორც აღმოჩნდა, შემოსავლების ზრდის ტემპი არ არის ისეთი, რომ ხელფასების მასტიმულირებელი გახდეს.

შესაბამისად, ბიზნესი საშუალოვადიან პერიოდში ხელფასების ზრდას გამორიცხავს. მართალია, ინფლაცია ჯერჯერობით დაბალია და ლარის კურსიც მეტ-ნაკლებად რეგულირდება, მაგრამ კერძო სექტორში დაუფარავად აცხადებენ, რომ ანაზღაურების დამატებით ზრდის შესაძლებლობა ჯერჯერობით არ არის. ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამშენებლო დარგი, ტურიზმი და სამეწარმეო  ბიზნესი, ცვლილება ჯერჯერობით არ იგეგმება.

"ეიჩარ ჰაბ"-ის დამფუძნებლის ანა ნავდარაშვილის თქმით,  სექტორებისა და პოზიციების მიხედვით კომპანიები კონკურენტებს აკვირდებიან და სახელფასო განაკვეთს ამის მიხედვით განსაზღვრავენ, თუმცა დამსაქმებლები, ხშირ შემთხვევაში, სამსახურის მაძიებლების მოლოდინს ვერ პასუხობენ. კომპანიები უმეტესწილად განცხადებაში სახელფასო განაკვეთს არ წერენ და უთითებენ, რომ ანაზღაურება კვალიფიკაციის შესაბამისად განისაზღვრება, რაც სამსახურის მაძიებლებში უკმაყოფილებას იწვევს. გასაუბრებაზე მისულებს კი კომპანიები მათ სასურველზე დაბალ ანაზღაურებას სთავაზობენ.

,,რაც უფრო მეტი ინფორმაცია იქნება გამოქვეყნებული ვაკანსიის აღწერაში, მით უფრო კარგია კანდიდატისთვის, რომ წინასწარ გაეცნოს ორგანიზაციების მოთხოვნებს, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ მეორე მხარის პოზიციაც. სახელფასო შეთავაზებები არის კონკურენტული. პერიოდულად ტარდება კვლევები და ეს კვლევები აჩვენებს, რომ არსებობს ჭერი, რომლის იქითაც კომპანია ანაზღაურებას ვერ გაზრდის. მთავარი მიზეზი, რატომაც ვაკანსიებში ანაზღაურებას არ უთითებენ,  არის ის, რომ კონკურენცია იყოს ჯანსაღი", - განაცხადა ,,კომერსანტთან" ანა ნავდარაშვილმა.

რეალურად კი ვითარება მთლად ასეთიც არ არის. ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენელი ნინო ფეტელავა ჰორეკა სექტორიდან კადრების გადინების პრობლემაზე საუბრობს. სასტუმროებისა და რესტორნებში მომუშავე კვალიფიციურ მუშახელს შესაბამისი ანაზღაურება არ აქვს, რაც კადრების გადინების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

,,ერთი შეხედვით, ჰორეკა სექტორი მაღალშემოსავლიანად მიიჩნევა და ეს ასეცაა, მაგრამ დიდია ასევე ხარჯიც. იმის გამო, რომ საჭირო პროდუქციის უმეტესი ნაწილი იმპორტული და ძვირია, მომსახურებაც გვიძვირდება. ხარჯი მატულობს, ხოლო ხელფასების ზრდა  ვერ ხერხდება. აქტიური სეზონის გარდა, დასაქმებულების შრომის ანაზღაურება თითქმის ყველგან პრობლემაა.

ჯერ კიდევ პანდემიის პერიოდში დაიწყო ტენდენცია და ახლაც კვალიფიციური კადრი საზღვარგარეთ გაედინება. ამიტომაა, რომ მუდმივადაა დეფიციტი, რაც საბოლოოდ მომსახურების ხარისხზეც აისახება“, - განაცხადა ფეტელავამ.

ანალოგიური მდგომარეობაა სამეწარმეო ბიზნესშიც. როგორც ,,ქართული სახლის" დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა პაატა რაჭველიშვილმა  აღნიშნა,  არსებული შემოსავლიდან გამომდინარე, ხელფასების ზრდის საშუალება კომპანიას არ აქვს, მაგრამ როგორც კი ბიზნესი მოგებას აჩვენებს, ანაზღაურება სამომავლოდ ამის მიხედვით შეიძლება დაკორექტირდეს.

,,ტრადიციული მიდგომა გვაქვს საახალწლოდ ვაკორექტირებთ ანაზღაურებას, ახლაც ალბათ ასე მოხდება, ვნახავთ, რამდენად წარმატებული იქნება მოგება-წაგების მაჩვენებელი, ყველაფერი ეს უნდა შეჯერდეს და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. კლება გამორიცხულია, როცა უფრო მეტად გვიჭირდა, მაშინაც შევუნარჩუნეთ ხელფასი დასაქმებულებს, მით უმეტეს, დღეს მსგავსი საკითხის განხილვა წარმოუდგენელია, დავაკვირდებით დინამიკას მომავალში და თუკი შესაბამისი რესურსი გამოჩნდება, ამას პირველ რიგში, დასაქმებულები და მომხმარებლები იგრძნობენ", - განაცხადა ბიზნესმენმა.

სამუშაოს მაძიებლების უკმაყოფილებას ვერ მალავენ. ამბობენ იმასაც, რომ დიდ კომპანიებშიც კი არაკეთილსინდისიერ მეთოდს მიმართავენ და დროებით აჰყავთ კადრები სამუშაოდ, იქნება ეს სტაჟირება თუ ე.წ. ,,დაკვირვების"  მოტივით დასაქმება, შემდეგ კი სხვადასხვა მიზეზით სამუშაოდ აყვანაზე უარს ეუბნებიან.

2 შვილის დედამ, ლიკა ქალდანმა ერთ-ერთ ფარმაცევტულ კომპანიაში თვეზე მეტ ხანს იმუშავა დასაქმებაზე კი უარი უთხრეს. ახალგაზრდა ქალი ჩივილს და საკუთარი უფლების დაცვას აპირებს.

,,გამოცხადებული ვაკანსიის საფუძველზე მივედი ერთ-ერთ აფთიაქში, სადაც დამპირდნენ, რომ ერთი კვირა დამაკვირდებოდნენ და შემდეგ ამიყვანდნენ შტატში. ამ ხნის განმავლობაში მცირეწლოვანი ბავშვები დედასთან დავტოვე და დავიწყე მუშაობა. გაუსაძლისად რთული საქმე იყო, თითქმის ყველა შავ სამუშაოს მე მასრულებინებდნენ, ხან მძიმე ყუთების თრევა მიწევდა. ყველაფერს ვაკეთებდი, შედიოდა თუ არა ჩემს კომპეტენციაში, თავს არ ვზოგავდი, რადგან სამსახური ძალიან მჭირდებოდა.

ყოველდღე მაქებდნენ, სტიმულს მაძლევდნენ და ოდნავადაც არ შემპარვია ეჭვი, რომ დამასაქმებდნენ. ბოლოს მითხრეს, რომ დამიძახებენ, თუ კადრი დასჭირდებათ. შოკი მივიღე, ანაზღაურებაზე არავის უფიქრია. აფთიაქს არ ვასახელებ მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ კიდევ მაქვს მცირე იმედი, ერთი თვის ნამუშევარს როგორმე გადამიხდიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფლებადამცველებს მივმართავ", - ამბობს ლიკა ქალდანი.

როგორც აღმოჩნდა, ანაზღაურებასთან დაკავშირებით პრობლემა აქვთ სტუდენტებს, რომელთა შრომის ანაზღაურება გაწეული სამუშაოს არაადეკვატურია.

,,სწრაფი კვების ობიექტში 2 თვე ვიმუშავე. დღის მეორე ნახევარში უნდა მევლო და თავდაპირველად ჩემთვის მისაღები იყო. თუმცა მოვტყუვდი. დღის 3 საათიდან 10 საათამდე მამუშავებდნენ. ერთხელ გვქონდა შესვენება, ისიც 15 წუთით, სწავლის თავი არ მქონდა, მთელ ენერგიას ვხარჯავდი. თვეში 200 ლარს მიხდიდნენ. დავთანხმდი, რადგან ფული ძალიან მჭირდებოდა, მაგრამ ბოლოს ვერ შევძელი და სამსახურიდან წამოვედი.

ახლაც ვეძებ სამუსაოს, ბევრი ვაკანსია იდება, სადაც სტუდენტებს ითხოვენ, მაგრამ ყველგან არარეალური ხელფასია. შტატიანი თანამშრომლების დონეზე გვამუშავეს, მეტადაც და არავინ დაგვიფასა. ორ-სამ თვეზე მეტხანს ვერავინ უძლებს ასეთ დატვირთვას, თვითონ კომპანიები ამით ფულს ზოგავენ, მე კი სწავლის საშუალებაც არ მომცეს", - ამბობს  სტუდენტი თაკო სამხარაძე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევის თანახმად, გამოკითხული ბიზნესის 54% მთავარ გამოწვევად სპეციალისტების ნაკლებობას ასახელებს, ხოლო  42% - სამუშაო ძალის დეფიციტს.

წყარო: რეზონანსი