2014 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 21 აპრილამდე, განხორციელდა ჯამში 3 920 306 225.14 ლარის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, - ამის შესახებ აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვის პასუხში.

როგორც სამინისტროს პასუხშია აღნიშნულია, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა განხორციელდა სამ ეტაპად.

I ეტაპი - 2014 წლის საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, 2005 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილმა და გადაუხდელმა ჩამოწერილმა დავალიანებამ 1,104,279,890 ლარი შეადგინა;

II ეტაპი - 2016 წლის საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, 2011 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილმა და გადაუხდელმა ჩამოწერილმა დავალიანებამ შეადგინა 1,692,744,568 ლარი;

III ეტაპი - 2018 წლის საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ჩამოიწერა 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანება. ჯამურად რაოდენობამ შეადგინა 1,123,281,768 ლარი.

კითხვაზე, რამდენმა პირმა განაახლა საქმიანობა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შემდეგ, ფინანსთა სამინისტროში ამბობენ, რომ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობენ და „მიმდინარეობს მუშაობა იმ კრიტერიუმების დასაზუსტებლად, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული მონაცემები დამუშავდება“.