დაფინანსების მაძიებლებსა და ფულადი სახსრების დაბანდების მსურველებს კაპიტალის ბაზარი აკავშირებს. დაფინანსების მიმღებები ძირითადად არიან ბიზნესები, მთავრობები და ინდივიდუალური პირები, ხოლო ფინანსების მიმწოდებლები არიან ბანკები, ინვესტორები და ფონდები. კაპიტალის ბაზარი მხარეებს ეფექტიანად ვაჭრობაში ეხმარება. მისი ყველაზე გავრცელებული ფორმაა საფონდო ბირჟა, სადაც ახალ ფასიან ქაღალდებს უშვებენ და ყიდიან. საფონდო ბირჟაზე ინვესტორები უკვე გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობენ. განვითარებული კაპიტალის ბაზარი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს, რადგან ერთი მხრივ ახალისებს ფულის დაზოგვას და მეორე მხრივ, დანაზოგის სარფიანად განთავსებას.
რა ვითარებაა საქართველოში კაპიტალის ბაზარზე. რა მიმართულებით გვაქვს წინ სვა და სად არის პრობლემები? საკითხზე ,,კომერსანტი“ Galt & Taggart-ის კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელს ვანო კიკვილაშვილს ესაუბრა.
- როგორ არის განვითარებული საქართველოში კაპიტალის ბაზარი?
საქართველოში კაპიტალის ბაზარი უფრო მეტად განვითარებული არის სასესხო ფასიანი ქაღალდების მიმართულებით, ვიდრე წილობრივი ფასიანი ქაღალდების მიმართულებით. განვითარების ხარისხში სხვაობა საკმაოდ მაღალია, იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში წილობრივი ფასიანი ქაღალდების ემისია არ ყოფილა, თუმცა ძალიან აქტიური არის სასესხო ფასიანი ქაღალდების ემისია. შარშან დაახლოებით 660 მლნ. ლარის კორპორატიული საჯარო ემისია განხორციელდა. 2023 წელს იგივე მაჩვენებელი იყო მილიადრ 200 ათასი ლარი. რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია ჩვენი ბაზრის დღევანდელ პირობებში, თუმცა თუ შევედრებით ევროპას ან აშშ-ს, სადაც ფასიანი ქაღალდების ემისიები მშპ-სთან შედარებით გაცილებით უფრო მაღალი პროცენტული მაჩვენებელია, განვითარების დონე უფრო დაბალია.
- რამდენად უზრუნველყობს საქართველოში არსებული კაპიტალის ბაზარი ფასიანი ქაღალდებით უსაფრთხო და მოწესრიგებული, თამაშის წესებზე დაფუძნებულ ვაჭრობას?
აქ პირველ რიგში უნდა გამოვყოთ ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც განვითარების მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მარეგულირებელი ჩარჩო საქართველოს ეროვნული ბანკის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების და ბაზრის მოთამაშეების, მათ შორის Galt & Taggart-ის ჩართულობის წყალობით არის ჩამოყალიბებული. ის მკაფიოა, რაც ბაზრის ყველა მოთამაშისთვის მკაფიო თამაშის წესებს განსაზღვრავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე ნაწილზე რომ ვილაპარაკოთ ანუ უშუალოდ ინფრასტრუქტურულ და ტექნოლოგიურ ნაწილზე ბირჟაზე, სადაც ხდება ვაჭრობა. ბირჟა ისტორიულად განვითარების დაბალი დონით გამოირჩეოდა. ტექნოლოგია იყო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდის. საუბარი მაქვს საქართველოს საფონდო ბირჟაზე. თუმცა, წელს მოვახერხეთ და გაეშვა თბილისის საფონდო ბირჟა, რომელიც ტექნოლოგიურად უფრო წინ არის, ვიდრე საქართველოს საფონდო ბირჟა. სავაჭრო სესიაც ბევრად უფრო გრძელია. იძლევა დოლარში ვაჭრობის ნაწილშიც უფრო გრძელი სავაჭრო სესიის საშუალებას, თუმცა ისიც უნდა დავამატოთ, რომ არც ეს ბირჟა დღეს არ არის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისი, რადგან ამ ბირჟას არ აქვს ონლაინ სავაჭრო პლატფორმა. მაგალითად, თუ ინვესტორს სურს ფასიანი ქაღალდი იყიდოს ან გაყიდოს უწევს, რომ ეს ბროკერის გავლით, სატელეფონო ზარის საშუალებით განახორციელოს, რაც მოძველებული პრაქტიკაა. დღეს ყველა ვაჭრობს ონლაინ პლატფორმებზე, ინტერნეტით, სატელეფონო აპლიკაციებით და ა.შ. ამ მიმართულებითაც საფონდო ბირჟასთან ერთად და მათ შორის საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. ვცდილობთ, რომ სავაჭრო პლატფორმის განვითარებაზე ვიზრუნოთ და ინვესტორებს უკეთესი სერვისი შევთავაზოთ. ბაზრის მოთამაშეებიც ამ პროცესში ჩართულები ვართ.
- როგორი ვითარებაა ფასიანი ქაღალდების ბაზარზე? როგორია მისი გამოშვების მაჩვენებელი? რამდენად დიდია ინტერესი ფასიანი ქაღალდების შეძენაზე?
ფასიანი ქაღალდების ემისია 2024 წელს 2023 წელთან შედარებით მოცულობითად შემცირდა. საუბარი მაქვს საჯარო კორპორატიულ სავალო ფასიან ქაღალდებზე. 2023 წელს მოცულობა დაახლოებით იყო მილიარდ 200 მლნ. 2024 წელს იყო დაახლოებით 660 მლნ. ლარი. შემცირების ძირითადი მიზეზი ის იყო, რომ საშუალო მოცულობა ტრანზაქციის 2023 წელს მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე 2024 წელს. ეს იმით შეგვიძლია ავხსნათ, რომ რეკორდული ტრანზაქციები, როგორიც იყო 2023 წელს 150 მლნ. დოლარი, ჩვენი ბაზრის ზომიდან გამომდინარე ყოველწლიურად ვერ განხორციელდება. ამის მოლოდინი ვერ გვექნება. თუმცა თუ ვილაპარაკებთ ტრანზაქციების რაოდენობაზე 2023 წელსაც და 2024 წელსაც რაოდენობა იყო რეკორდულ ნიშნულზე. 22 ტრანზაქცია შესრულდა კორპორატიულ საჯარო ობლიგაციების ბაზარზე, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. ბაზარს ემატებიან ახალი ემიტენტები ყოველ წლიურად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ კომპანიების მხრიდან ძლიერია ბაზრის მიმართ დაინტერესება. აქვე დავამატებ, რომ ინვესტორების მხრიდანაც ინტერესი ძალიან ძლიერია. რამდენიმე ემისიაზე ინვესტორთა ინტერესმა გადააჭარბა ფასიანი ქაღალდების მოცულობას. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზარი დღეს ძალიან კარგ კონდიციაში იმყოფება, მათ შორის კომპანიებისა და ინვესტორების დაინტერესების კუთხით.
- რა ქმნის პრობლემას ფასიანი ქაღალდების გამოშვებაში? და რა უნდა გაკეთდეს ბაზრის განვითარების მიზნით?
ფასიანი ქაღალდების გამოშვება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. როგორც ასეთი პრობლემა პროცესში დღეს არ არსებობს. ბაზარზე არიან გამოცდილი საინვესტიციო ბანკები, რომლების დახმარებითაც კომპანიებს უპრობლემოდ შეუძლიათ ფასიანი ქაღალდები გამოუშვან და უშვებენ კიდევაც. თუმცა, საჯარო ფასიანი ქაღალდის გამოშვება გარკვეულ დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. (თუ შევადარებთ ალტერნატივას და შევადარებთ მაგალითად საბანკო სესხს) ეს დამატებითი ხარჯი ხშირად კომპანიების მხარეს დამატებითი ტვირთია, რამაც შეიძლება მათ გადაწყვეტილებაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს. ამ კუთხით ,,აწარმოე საქართველოსთან'' გვაქვს კაპიტალის ბაზრის პროგრამა, რომელიც ზუსტად ამ ხარჯების თანადაფინანსებას ახორციელებს, რათა ემიტენტებს ფინანსური ტვირთი შეუმსუბუქოს. ეს ძალიან კარგი პროგრამაა და ძალიან ეხმარება ბაზარზე კომპანიების მოზიდვას, თუმცა ,,აწარმოე საქართველოსთან" ერთად დღეს ვმუშაობთ, რომ ცოტა უფრო გავაფართოოთ. იმიტომ, რომ არსებობს დამატებითი საკონსულტაციო სერვისები, რომელიც შეიძლება კომპანიებს დასჭირდეთ, რომლებიც დღეს ,,აწარმოე საქართველოს" მხრიდან არ ფინანსდება. სააგენტოსთან აქტიური საუბარში ვართ, რომ ეს სერვისები მათ პროგრამაში შევიდეს. საუბარი მაქვს, მაგალითად თუ კომპანიას მწვანე ობლიგაციის გამოშვება სურს და ა.შ. მეორე მხრივ, თუ დავუბრუნდებით წილობრივ ფასიან ქაღალდებს, პრობლემა ალბათ ისევ და ისევ არის ბირჟა, რომელიც უნდა დაიხვეწოს და უნდა გაუმჯობესდეს. გვჭირდება ონლაინ სავაჭრო პლატფორმა და ამ მიმართულებით ვცდილობთ, რომ დონორ საერთაშორისო ინსტიტუტებთან ვითანამშრომლოთ, რათა მისი შემუშავება და დანერგვა მოხდეს.
- რა როლი შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში?
სახელმწიფოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს კაპიტალის ბაზრის განვითარებაში. ეკონომიკის განვითარებისთვის კაპიტალის ბაზრის განვითარება მნიშვნელოვანი კომპონენტია, რადგან კაპიტალის ბაზარი კომპანიებისთვის დაფინანსების მოპოვების მნიშვნელოვანი წყაროა განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ ასე იყოს. სახელმწიფო პირველ რიგში, უნდა მუშაობდეს ინფრასტრუქტურულ და მარეგულირებელი ჩარჩოს მიმართულებით. თუ სადმე საჭიროა დამატებით მკაფიობა ან თუ საჭიროა ტექნიკური ინფრასტრუქტურა და მისი დახვეწა და გაუმჯობესება, ალბათ ეს მიმართულებები არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ინვესტორთა მოძიებაში რა თქმა უნდა ბაზრის მოთამაშეებიც, საინვესტიციო ბანკები ძალიან მნიშვნელოვან ძალისხმევას ვდებთ, თუმცა სახელმწიფოს მხარესაც საჭიროა ინვესტორებისთვის ქვეყნის ეკონომიკის გაცნობა და პოპულარობის გაზრდა. სახელმწიფოსთვის ინვესტორთა ბაზის გაფართოება მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა იყოს, რადგან საბოლოო ჯამში ფასიანი ქაღალდი შეიძლება დაიბეჭდოს, თუმცა ამას სჭირდება ინვესტორი. საქართველოში საკმაოდ ფართო საცალო ინვესტორთა ბაზა გვაქვს, რაც ძალიან კარგია. ინსტიტუციური ინვესტორების მხარეს - საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, ადგილობრივი კომერციული ბანკები, საპენსიო ფონდი და სადაზღვევო ორგანიზაციები ძალიან აქტიურები არიან, თუმცა არ არიან საინვესტიციო ფონდები, რომლებიც უცხოურ ბაზრებზე არიან წარმოდგენილები და აინვესტირებენ ფასიან ქაღალდებში. ასეთი ფონდების, უცხოური სახელების ადგილობრივ ბაზარზე გამოჩენა და მათი მხრიდან ინვესტირება ძალიან წაადგებოდა ბაზარს და მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა. ამაზე ბაზრის მოთამაშეებიც ძალიან აქტიურად ვმუშაობთ და სახელმწიფოს მხრიდანაც ჩართულობა და დახმარება ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი იქნებოდა.