ბიძინა ივანიშვილის ქონება წლის დასაწყისიდან 135მლნ-ით გაიზარდა და რეკორდულ მაჩვენებელზეა. მილიარდერების რეიტინგი Bloomberg-მა 1 მაისს განაახლა. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ქართველი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 392-ე ადგილზეა და მისი ქონება $6.82 მლრდ-ს შეადგენს. თებერვალში, იგივე რეიტინგში, ივანიშვილის ქონება $6,72 მლრდ იყო.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, რეიტინგში მეორე ქართველი მიხეილ ლომთაძეა. ის ამ რეიტინგში 467-ეა და მისი ქონება $6.06 მლრდ-ია.

Bloomberg-ი წერს, რომ ივანიშვილმა თავისი ქონება პოსტსაბჭოთა რუსეთში 1990-იან წლებში რკინის მადნის საწარმოების, ფოლადის ქარხნების, ბანკებისა და უძრავი ქონების შეგროვებით გამოიმუშავა. რუსეთში არსებული აქტივების უმეტესი ნაწილი მან 2003-2006 წლებში გაყიდა, ხოლო დანარჩენი 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის წინა პერიოდში. მან პრემიერის თანამდებობა ერთ წელიწადში დატოვა.

Bloomberg-ის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგის სათავეში ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნოა, რომელიც LVMH-ის საკონტროლო წილს ფლობს. არნოს ქონება $215 მლრდ-ს შეადგენს. წლის დასაწყისიდან ის $7 მლრდ-ით გაიზარდა.

სიაში მეორე ადგილზეა Amazon-ის დამფუძნებელი და ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსია, რომლის ქონება $198 მლრდ-აა შეფასებული (+20,8 მლრდ დოლარი წლის დასაწყისიდან).

რეიტინგში მესამე ადგილზეა Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი $194 მლრდ-ით.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულში ასევე შედის Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი ($153 მლრდ), Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი ($149 მლრდ), Google-ისა და Alphabet-ის თანადამფუძნებლები ლარი პეიჯი ($146 მლრდ) და სერგეი ბრინი ($138 მლრდ), Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი სტივ ბალმერი ($130 მლრდ), ამერიკელი ინვესტორი და ფილანტროპი უორენ ბაფეტი ($132 მლრდ) და Oracle Corporation-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ლარი ელისონი ($129 მილიარდი).