ბაზრობებზე სალარო აპარატის გამოყენების საგადასახადო შეღავათი 2028 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდება.
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, შეღავათის მოქმედების ვადა ხანგრძილვდება.
"2028 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივდება, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისგან გათავისუფლება ფიზიკური პირისთვის, რომელიც არ იყენებს დაქირავებული პირის შრომას და ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან, გარდა ფიზიკური პირისა, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან რომელიც დარეგისტრირებულია ან ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად საგადასახადო კოდექსის შესაბამისად,"- ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
შეგახსენებთ, ბაზრობებზე სალარო-აპარატების გამოყენების ვალდებულებაზე ცვლილებები პარლამენტმა ჯერ კიდევ 2019 წელს მიიღო, რომლის მიხედვით 2022 წლის პირველი იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული უნდა ყოფილიყო, საქონლის რეალიზაციისას საკონტროლო-სალარო აპარატი გამოეყენებინა.
ეს ვალდებულება ჯერ 2023 წლის 1-ელ იანვრამდე გადავადდა, შემდეგ კი, 2026 წლის 1-ელ იანვრამდე. მიზეზად პანდემია დასახელდა. ამჯერად კი შეღავათის ვადა 2028 წლის 1 იანვრამდეა გადავადებული.