საქართველოს კომერციული ცენტრების გაერთიანება პარლამენტს ბაზრობების ორგანიზატორებისთვის დაწესებული სავალდებულო მესამე პირის დაზღვევის რეგულირების შეცვლის მოთხოვნით მიმართავს. მათი განმარტებით, არსებული ვალდებულება ათასობით მცირე მეწარმესა და მომხმარებელს აზარალებს.

პარლამენტისთვის გაერთიანების მიმართვა 9 ივნისს შევიდა და მას ხელს საქართველოს ბაზრობების გაერთიანების თავმჯდომარე მუხრან ბაგრატიონი აწერს. საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული წერილი განსახილველად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს 11 ივნისს გადაეცა.

ბაზრობების გაერთიანება შემდეგ მოთხოვნებს აყენებს და განმარტავს:

  • მესამე პირის დაზღვევა გახდეს ნებაყოფლობითი – ამ შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიები ტარიფებს შეამცირებენ კონკურენციის გამო, ხოლო ბაზრობებს მიეცემათ არჩევანის საშუალება.
  • მესამე პირის დაზღვევის ვალდებულება გადავიდეს უშუალოდ მოიჯარეებზე, რომლებიც თავად დააზღვევენ საკუთარ ქონებას, რაც გამორიცხავს დამატებით ფინანსურ წნეხს ბაზრობებზე მოქმედ ტარიფებზე.
  • დაუწესდეს ზღვრული ტარიფები სადაზღვევო კომპანიებს, რათა დაზღვევა გახდეს ხელმისაწვდომი.

გაერთიანების ინფორმაციით, ქვეყანაში მოქმედი ბაზრობები ათასობით მცირე მეწარმისა და მომხმარებლის ვაჭრობას უწევენ ორგანიზებას და მათ მიმართ მოთხოვნათა გაძლიერება ბაზრობებისთვის არაპროპორციულად მაღალი ხარჯების გაწევის პასუხისმგებლობას აჩენს, რაც არაჯანსაღ ფინანსურ წნეხს ქმნის და ზრდის მოიჯარეების და ორგანიზატორების უკმაყოფილებას.

გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე მომუშავე მოიჯარეების ქონების დაზღვევა (მათ შორის ხანძრის, სტიქიური უბედურების და ა.შ.) ბაზრობების ორგანიზატორებს უწევთ სავალდებულო ფინანსური გადასახადების გადახდა მოიჯარის ქონების დაცვისთვის.

„განურჩევლად იმისა, რომ ბაზრობის ორგანიზატორები სრულად და დროულად იხდიან აღნიშნული დაზღვევის ღირებულებას, მოიჯარეების ქონების დაზიანების შემთხვევაში კომპენსაციის გაცემის მექანიზმი სათანადო აღრიცხვის შემთხვევაშიც კი რთულად რეალიზდება, რაც ქმნის გაუგებრობას და ნდობის დეფიციტს“, - წერია წერილში.

ბაზრობების ორგანიზატორები იმ პრობლემებს ასახელებენ, რომლებსაც ამ პროცესში აწყდებიან:

„სადაზღვევო კომპანიები ხშირად უარს აცხადებენ ბაზრობებზე მესამე პირის დაზღვევაზე ან ითხოვენ მაღალ საფასურს და არარეალურ პირობებს. ამასთან ერთად, რადგან ზრდიან სავალდებულო საფასურს, ანალოგიურად ავრცელებენ ქონების დაზღვევაზეც გაზრდილ ტარიფებს და დაზღვევის ორივე ფორმის ზრდას მათი მხრიდან არა აქვს საზღვარი, ხან 300%-ით, ხან 600 %-ით. სადაზღვევო ტარიფები პირდაპირ აისახება საიჯარო გადასახადების ზრდაზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის სოციალურ უკმაყოფილებას და აზიანებს ბაზრობების ეკონომიკურ სტაბილურობას“, - ნათქვამია წერილში და ძირითადი სამი მოთხოვნაა დასახელებული, რომლის განხილვისა და გადახედვის შემთხვევაში ბაზრობების ორგანიზატორები მზად არიან ითანამშრომლონ სახელმწიფო სტრუქტურებთან.

„მოგმართავთ თხოვნით, განხილული იქნეს მოცემული საკითხი, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, რათა მიღებული რეგულაციები იყოს დაბალანსებული, სამართლიანი და ეკონომიკურად სტაბილური განვითარების ხელშემწყობი“, - აღნიშნულია მიმართვაში.

ცნობისთვის, 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 194 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 30.4% ქ. თბილისშია განთავსებული, ხოლო 19.1% - იმერეთის, 13.4% - სამეგრელო-ზემო სვანეთის, 11.9% - კახეთის, 8.8% - ქვემო ქართლის, 5.1% - აჭარის, 4.6% - შიდა ქართლის, 2.1% - მცხეთა-მთიანეთის, 2.1% - სამცხე-ჯავახეთის, 1.5% - გურიის და 1% - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონებში.

საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 51.8 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც მოვაჭრეთა საშუალო დღიური რაოდენობა 37.4 ათას კაცს შეადგენს.

bm.ge