აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა იემენელ ჰუსიტებთან დაკავშირებულ 32 ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე ოთხ გემს სანქციები დაუწესა.

სანქცირებული პირები და კომპანიები იემენში, ჩინეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და მარშალის კუნძულებზე არიან განთავსებულნი.

სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის თქმით, აღნიშნული პირები და ორგანიზაციები ჰუსიტებს ფინანსური სახსრების მოზიდვაში, კონტრაბანდასა და სამხედრო-საბრძოლო დანიშნულების თანამედროვე შეიარაღების შეძენაში ეხმარებიან.

"ჩვენ გავაგრძელებთ მაქსიმალური ზეწოლის განხორციელებას მათზე, ვინც შეერთებული შტატებისა და რეგიონის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს" - ნათქვამია ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში აშშ-ს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ჯონ ჰარლის განცხადებაში.