საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ინიციატივით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ერთ მსესხებელზე გაცემული კრედიტის ლიმიტი, შესაძლოა, 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე გაიზარდოს.

„მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებას შესაბამისმა კომიტეტმა მხარი პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა.

„ლაზიკა კაპიტალის“ გენერალური დირექტორი,  ბესიკ შენგელია „კომერსანტთან“ ამბობს, რომ  კრედიტის ლიმიტის გაზრდა სექტორში კონკურენციას გაზრდის და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს, არსებული მომხმარებლები შეინარჩუნონ.

„ეს მიკროსაფინანსო სექტორისთვის, რა თქმა უნდა, კარგია და შესაძლებლობა გვექმნება, უფრო ღრმად შევიდეთ იმ სექტორში, სადაც დიდი ბანკები მუშაობენ, თუმცა გააჩნია ბიზნესმოდელს და კონკრეტული ორგანიზაციის ბაზარს.

როცა ლიმიტი გაქვს, 100 ათას ლარზე და მომხმარებელი 125 ათასს ითხოვს, ლოგიკურია, მსესხებელი სხვაგან მიდის და კლიენტი გეკარგება.

ახალი ცვლილებით შესაძლებლობა ეძლევა მცირე ბიზნესზე მომუშავე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, რომ სტაბილური კლიენტები ჰყავდეთ.

ეს ცვლილება ძირითადად იმ ორგანიზაციებს ეხებათ, რომლებიც უფრო მეტად შედიან კონკურენციაში ბანკებთან და დაკავებული არიან ბიზნესის დაკრედიტებით. შესაბამისად, ჩნდება კლიენტების შენარჩუნების შესაძლებლობა და კონკურენციაც გაიზრდება.

თუ ვიღაცა არ გადაწყვეტს, რომ ეს 200 000-იანი ლიმიტი რისკიან აქტივებში გამოიყენოს, ცხადია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საპროცენტო განაკვეთები შემცირდება და მეტად კონკურენტულ პროდუქტს მივიღებთ“,- აღნიშნა ბესიკ შენგელიამ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.