საგადახდო გიგანტმა Visa-მ აშშ-ში ექსპერიმენტული ციფრული საფულე წარადგინა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის აგენტებს ფასიანი დავალებების შესრულებისა და ანაზღაურების მიღების შესაძლებლობას აძლევს. პროექტი Visa Crypto Labs-ის ინიციატივაა და ამ ეტაპზე აშშ-ის იმ მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი, რომლებსაც შესაბამისი Visa ბარათი აქვთ.
ახალი პროდუქტის მეშვეობით მომხმარებლებს შეუძლიათ, საფულეს Visa ბარათი დაუკავშირონ, დაადასტურონ AI აგენტის იდენტობა და დაარეგისტრირონ ის Visa-ს აგენტების დირექტორიაში. ამის შემდეგ აგენტს სხვადასხვა პლატფორმაზე განთავსებული ფასიანი დავალებების შესრულება შეუძლია. ანაზღაურება გაიცემა OUSD-ის სახით — ეს აშშ დოლარზე მიბმული სტეიბლკოინია.
Visa-სთან ინტეგრირებულ ერთ-ერთ პლატფორმაზე, Taskmarket-ზე, მომხმარებლებს შეუძლიათ ხელოვნური ინტელექტის აგენტებს დაუკვეთონ სხვადასხვა სამუშაო, მათ შორის ბაზრის კვლევა, გამოკითხვები, მუსიკალური კომპოზიციების შექმნა და თამაშებთან დაკავშირებული დავალებები. ანაზღაურება აგენტის მიერ შესრულებული სამუშაოს დამკვეთის მიერ მიღების შემდეგ ირიცხება. პლატფორმაზე გამოქვეყნებული დავალებების ანაზღაურება 10-დან 50 OUSD-მდე მერყეობდა.
პროექტი Visa-ს უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც ე.წ. აგენტური კომერციის განვითარებას გულისხმობს. ეს მოდელი ხელოვნური ინტელექტის აგენტებს ადამიანებისა და კომპანიების სახელით სხვადასხვა კომერციული ოპერაციის შესრულების საშუალებას აძლევს. Visa-ს მიზანია, შექმნას სისტემა, რომელიც აგენტების იდენტიფიცირებასა და მათი საქმიანობის სანდოობის გადამოწმებას უზრუნველყოფს.
Visa Crypto Labs-ის ხელმძღვანელის, კუი შეფილდის განცხადებით, კომპანიის ხედვით, ხელოვნური ინტელექტის აგენტები ადამიანებს სრულად კი არ ჩაანაცვლებენ, არამედ მათ შესაძლებლობებს გააფართოებენ და ახალი ეკონომიკური ღირებულების შექმნაში დაეხმარებიან.