3 წლის მონაცემებს რომ შევხედოთ, დინამიკური პორტფელი, რომელსაც აქციების ბაზარზე მეტი წილი აქვს განთავსებული, ლიდერობს და მისი წლიური მომგებიანობა 15%-ია, ხოლო კონსერვატიული პორტფელის მომგებიანობა იყო 12%, - ამის შესახებ საქართველოს საპენსიო ფონდის საინვესტიციო სამსახურის მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ნაჭყებიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აღნიშნულზე გავლენას პირველ რიგში აქციების ბაზარი ახდენს და მიუხედავად მერყეობის პერიოდები არის, აქციების ბაზარი პირდაპირ ასახავს ეკონომიკის ეფექტიანობის ზრდას და კომპანიების მომგებიანობას.
"საკმაოდ ტურბულენტურ პერიოდში ვართ. მარტი მოგეხსენებათ, რომ დიდი აქტივობით დაიწყო, განსაკუთრებით, რეგიონში, რამაც გავლენა იქონია აქციების ბაზარზე და ჩვენი პორტფელების მომგებიანობაზე. მიუხედავად ამისა, წელი დადებითად დაიწყო და ჩვენმა სამივე პორტფელმა მაღალი მომგებიანობა აჩვენა. მათ შორის, დინამიკური პორტფელი, რომელიც საერთაშორისო აქციებში მეტი პროცენტით არის ინვესტირებული. დინამიკურმა პორტფელმა დაახლოებით, 4.4%-იანი მომგებიანობა აჩვენა, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფლებისთვის შედარებით დაბალი იყო. ამას ხსნის აქციების ბაზარზე განვითარებული მოვლენები.
ამ პორტფელების განაწილებისას ვხელმძღვანელობთ კანონით და იმ ჩარჩოთი, რომელიც მონიჭებული გვაქვს საკანონმდებლო დონეზე. ეს გულისხმობს ლიმიტებს აქტივების კლასების მიხედვით, რომელიც სამივე პორტფელისთვს არის განსაზღვრული. მაგალითისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიმიტი არის დოლარში დენომინირებული აქტივების წილი. მაგალითად, კონსერვატიულ პორტფელში განსაზღვრულია, რომ 20%-ზე მეტი არ შეიძლება უცხოურ აქტივებში იყოს ინვესტირებული, ხოლო დინამიკურ პორტფელში ეს ლიმიტი 60%-ს შეადგენს.
საშუალოდ ჩვენი მონაწილეების ასაკი არის 40 წელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან გრძელი საინვესტიციო ვადა გვაქვს და აქტივების განაწილებაც ამ სტრატეგიას ერგება. ჩვენ არ ვართ ინვესტორი, რომელიც მოკლევადიან მერყეობებს ჰყვება და დიდ გადაწყობებს აკეთებს. თავიდანვე ისე არის დაგეგმილი აქტივების განაწილება, რომ მსგავს მერყეობებს გაუძლოს", - აცხადებს ანა ნაჭყებია.