2025 წელს საქართველოში მოხმარებაზე, ინვესტიციებსა და ექსპორტზე გაწეული დანახარჯების ყოველ 100 ლარში საშუალოდ 58 ლარი ქვეყანაში შექმნილ დამატებულ ღირებულებაზე მოდიოდა. დარჩენილი ნაწილი იმპორტირებულ საქონელსა და მომსახურებასა და პროდუქტებზე წმინდა გადასახადებს შეადგენდა. ამის შესახებ TBC Capital-ის ყოველკვირეულ მაკროეკონომიკურ მიმოხილვაშია აღნიშნული.

კვლევის თანახმად, ადგილობრივ ეკონომიკაში დარჩენილი თანხის წილი დანახარჯების კატეგორიების მიხედვით განსხვავდება. კერძოდ, შიდა მოხმარების ყოველ 100 ლარზე საქართველოში შექმნილი დამატებული ღირებულების 64 ლარი მოდის, ინვესტიციების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 54 ლარია, ხოლო ექსპორტის შემთხვევაში - 49 ლარი.

TBC Capital-ის განმარტებით, შიდა მოხმარებაში ადგილობრივი მომსახურების მაღალი წილი განაპირობებს, რომ თანხის მეტი ნაწილი ქვეყანაში რჩება. ინვესტიციების შემთხვევაში კი დანახარჯების მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტირებულ დანადგარებსა და სამშენებლო მასალებზე მოდის. ექსპორტის შედარებით დაბალი მაჩვენებელი კი, ძირითადად, რეექსპორტის მნიშვნელოვანი წილით აიხსნება.

მიმოხილვაში მოყვანილია რესტორნის მაგალითიც: როდესაც ერთსა და იმავე კერძს ადგილობრივი მცხოვრები და უცხოელი ვიზიტორი უკვეთავენ, პირველი შემთხვევა შიდა მოხმარებად აღირიცხება, მეორე კი - ექსპორტად. ორივე შემთხვევაში შემოსავლის ნაწილი იმპორტირებულ კომპონენტებზე იხარჯება, დარჩენილი თანხა კი ადგილობრივ ბიზნესებს, ფერმერებსა და სატრანსპორტო კომპანიებს შორის ნაწილდება.

TBC Capital-ის შეფასებით, საგარეო მოთხოვნამ 2025 წლის ეკონომიკური ზრდის დაახლოებით მეოთხედი უზრუნველყო და ზრდის მეორე უმსხვილესი წყარო იყო შიდა მოხმარების შემდეგ. ინვესტიციების წვლილი კი შედარებით მცირე აღმოჩნდა.

კვლევის მიხედვით, საგარეო მოთხოვნის ზრდის 90%-ზე მეტი სამ სექტორზე მოდიოდა: ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიებზე (ICT), ტრანსპორტსა და სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესზე.

ცნობისთვის, TBC Capital-ის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ნოემბერში 2025 წლის ეკონომიკური ზრდის შეფასება 7.5%-დან 8.4%-მდე დაზუსტდა.