ბათუმში, 9 აპრილის მემორიალთან, ქალაქის მერია საინფორმაციო დაფის განთავსებას გეგმავს, რომელზეც 9 აპრილს დაღუპულთა სახელები იქნება ქართულ და ინგლისურ ენაზე. ეს მემორიალი შარტავას გამზირზე უკვე მეშვიდე წელია რაც მოწყობილია.
პროექტის მიხედვით საინფორმაციო დაფა მემორიალის უკანა მხარეს განთავსდება.
„გმირთა ხეივანში 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან საინფორმაციო დაფის მოწყობაზე“ ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ტენდერი 19 ათას 700 ლარით აქვს გამოცხადებული.
სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 2026 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდი იქნება.

რენდერი – საინფორმაციო დაფა 9 აპრილის მემორიალთან ბათუმში და წარწერა აღნიშნულ დაფაზე / ფოტოები პროექტიდან
ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2026 წლის 25 იანვარს დაიწყება და სამ დღეში, 28 იანვარს დასრულდება.
„პროექტი ითვალისწინებს ჟიული შარტავას ქუჩაზე არსებული 9 აპრილის მემორიალთან საინფორმაციო დაფის მოწყობის სამუშაოებს. სამუშაოების თანმიმდევრობა საპროექტოს მიერ ჩამოყალიბდა შემდეგი თანმიმდევრობით: უნდა მოეწყოს წერტილოვანი საძირკველი შემდგომში საინფორმაციო დაფის დასამონტაჟებლად; შემდგომ საძირკველზე უნდა განხორციელდეს გრანიტის ელემენტების ნახაზზე მოცემული თანმიმდევრობით დამონტაჟება საანკერო არმატურების გამოყენებით.
პიედესტალზე გამოყენებულია სხვადასხვა სისქის მწვანე გრანიტის გაპრიალებული ფილები (დიაბაზი) ხოლო უშუალო საინფორმაციო დაფა წარმოადგენს შავი პრიალა გრანიტის, სისქით 10 სმ-იანი ფილისგან ნაკვეთი წიგნის ფორმის რელიეფურ ზედაპირს რომელზეც ტექსტი ოქროსფრად უნდა იქნეს დატანილი ინფორმაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე (ასოების დატანა კვეთის მეთოდით).
გრანიტის ელემენტების სამონტაჟოდ უნდა იქნეს გამოყენებული მაღალი ხარისხის ყინვამედეგი მასალები (წებოცემენტი ყინვაგამძლე, ბუნებრივი ქვის, სილიკონი/გერმეტიკი)“ – წერია ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში.
ბათუმში, ჟიული შარტავას გამზირზე არსებულ გმირთა ხეივანში 9 აპრილის მემორიალი 2019 წელს მოაწყვეს. მემორიალის მოწყობა ბათუმის მერიას თავდაპირველად ძველ ბულვარში, რუსთაველის უნივერსიტეტის მიმდებარედ ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ბულვარში მემორიალისთვის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მაშინ უარი განაცხადა.