ყულევის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის ჩანაცვლების პროცესი დაასრულა,- ამის შესახებ „ბლექ სი პეტროლიუმი“ (BSP) საკუთარ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს.

კომპანიის ინფორმაციით, 23 აგვისტოდან ყულევის ქარხანა მხოლოდ არარუსული წარმოშობის ნედლეულს ამუშავებს. რუსული ნავთობის ეტაპობრივი ჩანაცვლება ივლისსა და აგვისტოს პირველ სამ კვირაში მიმდინარეობდა, როდესაც ქარხანა რუსულ ნედლეულთან ერთად ყაზახური წარმოშობის ნავთობსაც იყენებდა.

BSP-ის ცნობით, ნედლეულის დივერსიფიკაციის პროცესის ფარგლებში 30 აგვისტოს ყულევის პორტში ტანკერი KRITI LEGEND შევიდა და კომპანიას ლიბიური წარმოშობის ნედლი ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა.

ტვირთის მოცულობა დაახლოებით 90 ათასი ტონაა. კომპანიის განმარტებით, ლიბიური ნავთობის მიწოდება 3 ივლისს გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა.

BSP-ის განცხადებით, რუსული ნედლი ნავთობის სრულად ჩანაცვლებით კომპანიამ ივლისსა და აგვისტოში დაანონსებული ნედლეულის დივერსიფიკაციის გეგმა შეასრულა.