"კომერსანტის თემის" ეთერში საუბრისას ტრანსლოგისტიკისხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ჯაბა თარიმანაშვილმა განაცხადა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა საქართველოსა და მთელი რეგიონისთვის სტრატეგიულ მიმართულებად იქცა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობა შესაძლებლობას მოგვცემს რომ ქვეყანამ გაზრდილი ტვირთების გადამუშავება მოახერხოს და ამით დიდი შემოსავალი მიიღოს.

დღესდღეობით ბათუმისა და ფოთის პორტი მუშაობს თავიანთ ლიმიტებზე.  ორივე პორტი ძალიან კარგად მუშაობს, მაგრამ, მაგალითად, ბათუმის პორტს  ფიზიკურად  2 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის გატარება არ შეუძლია.  ანალოგიური სიტუაციაა ფოთის პორტშიც. მათ აქვთ  8 მილიონი ტონა მშრალი ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობა, რასაც, ფაქტობრივად სრულად ითვისებენ.

ასეთ პირობებში, როცა დამატებით მოდის ტვირთის მოცულობები როგორც ჩრდილოეთის, ისე სამხრეთის მიმართულებიდან, ანაკლიის პორტი ჩვენთვის არის ოქროს გასაღები. ეს პორტი რაც შეიძლება მალე უნდა აშენდეს, რადგან სულ სხვა შესაძლებლობებს გააჩენს, სადაც არა მხოლოდ საკონტეინერო ტვირთბრუნვაზე იქნება საუბარი, არამედ დიდია შესაძლებლობები მშრალი ნაყარი ტვირთების გადამუშავების.  ასეთ ტვირთებს სჭირდებათ ძალიან დიდი სივრცე, რომელსაც სწორედ ანაკლიის პორტი უზრუნველყოფს.

როგორც ვახსენე, რაც შეიძლება მალე უნდა გაკეთდეს ანაკლიის პროექტი, რადგან ჩვენ ყოველდღიურად ძალიან დიდ პოტენციურ შემოსავალს ვკარგავთ“, - განაცხადა ჯაბათარიმანაშვილმა.