მერია ბათუმში ასობით ჩაუბარებელ კორპუსზე პასუხისმგებლობას იხსნის. პასუხისმგებლობას იხსნიან ამ კორპუსების მშენებელი კომპანიებიც, რადგან მათგან უმეტესობამ ბინები ჯერ კიდევ მშენებლობის საწყის ეტაპზე გაყიდა.
მსგავს კორპუსებში თუ რამე პრობლემა გაჩნდება, მერიაში მოქალაქეებს პასუხობენ, რომ კერძო ტერიტორიის პრობლემებს ვერ განიხილავენ და მოქალაქეებს მშენებელ კომპანიასთან ამისამართებენ.
ბათუმში იპოვით ისეთ კორპუსებსაც, სადაც მესაკუთრეები უკვე წლებია ცხოვრობენ, თუმცა დღემდე კომპანიის ანგარიშზე იხდიან ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადს. არიან მესაკუთრეები, რომლებიც შესყიდულ ბინებში შესახლდნენ, თუმცა ვერ ირეგისტრირებენ მას, რადგან ბინა მშენებელს იპოთეკით აქვს დატვირთული.
„ბათუმელები“ სხვადასხვა დროს კონკრეტულ შემთხვევებზე წერდა, როცა მშენებლებმა ბინების გაყიდვის შემდეგ კორპუსებში მოსაპირკეთებელი სამუშაოებიც კი არ დაასრულეს.
ასეულობით კორპუსს შორის, რომლებიც უკვე წლებია ჩაუბარებელია, არის ისეთები, რომლებიც მშენებლებმა სანებართვო პირობების დარღვევით ააშენეს. მაგალითად, 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ჰქონდათ და ათი ააშენეს.
პირველ სართულზე პარკინგის მოწყობის ვალდებულება ჰქონდათ და კომერციული ფართობი მოაწყვეს და ასე შემდეგ. ცვლილება შეეხო ისეთ შემთხვევებსაც, როცა დარღვეულია ფუნქციური ზონირების წესით დადგენილი ნორმა. მაგალითად, სარეკრეაციო ზონაში აშენებულია ზონისთვის დაუშვებელი ფუნქციის მქონე შენობა…
სწორედ ამ კორპუსების ჩაბარების, ანუ ექსპლუატაციაში მიღების აუცილებლობით ხსნიდნენ სამშენებლო ამნისტიის აუცილებლობას 2022 წელს დეპუტატები აჭარიდან, რომლებმაც პარლამენტში სამშენებლო ამნისტიის ინიციატივა წარადგინეს.
მათ მიერ ინიციირებული პროექტით საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში დაემატა 141/7 მუხლი, რაც სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის დამტკიცებასაც გულისხმობდა.
ამ წესის მიხედვით, მშენებლობის ზედამხედველობის ორგანო, როგორიც არის, მაგალითად, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილია ექსპლუატაციაში მიიღოს [ჩაიბაროს] შენობა, რომელიც ნებართვით, თუმცა შეთანხმებული პროექტის დარღვევით აშენდა.
მუნიციპალური ინსპექცია ბათუმის მერიის იმ უწყებებს შორის არის, რომლებიც მედიის კითხვებს აღარ პასუხობენ. ამიტომაც დეტალებს ვერ ვაზუსტებთ, თუმცა იმ ციფრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რასაც პერიოდულად თავად აქვეყნებენ სამშენებლო ამნისტიას მშენებელ კომპანიებში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია.
ბათუმში სამშენებლო ამნისტიის გამოცხადებას პარლამენტმა 2023 წლის მაისში დაუჭირა მხარი.
ინსპექციის ინფორმაციით, რაც ფეისბუქის გვერდზე აქვს გამოქვეყნებული, 2024 წელს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით 63 განაცხადით მიმართეს კომპანიებმა. აქედან ექსპლუატაციაში მიღებულია 16 ობიექტი, უარი ეთქვა – 30-ს. ამნისტიის წესით კი, ექსპლუატაციაში მხოლოდ 7 ობიექტი მიიღეს.
2023 წელს გამოქვეყნებულ მონაცემებში კი, ინსპექცია ამნისტიის პირობებში ექსპლუატაციაში მიღებულ შენობებზე ინფორმაციას ცალკე არ გამოყოფს და წერს, რომ ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით 66 ობიექტის განაცხადი შევიდა, მათგან ექსპლუატაციაში მიიღეს 10 ობიექტი, 32 განუხილველად დარჩა, 24 ობიექტს ექსპლუატაციაზე უარი ეთქვა.
ვინ ისარგებლა ამნისტიის პროექტით? – ამ ინფორმაციას მერია არ გასცემს, არც მისამართებს ასახელებს.
„არსებული კანონმდებლობა არცერთ კონტექსტში არ იცავს მოქალაქეს, რადგან რეალურად კანონი აძლევს უფლებას მშენებელს, რომ სრულად გაყიდოს ქონება, რაც გააჩნია და გაყიდვის შემდეგ დღის წესრიგში არ დგება მესაკუთრის პასუხისმგებლობა.
იყო შემთხვევები, როცა ერთობლივი საჩივარი მომზადდა, დაჯარიმდა კომპანია ან დაიჭირეს მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი, მაგრამ მოქალაქეები ისევ ჰაერში დარჩნენ, ისევ იმ პრობლემების წინაშე, რაც ამ ჩაუბარებელ კორპუსებს ახლავს“, – განმარტავს „ურბანული განვითარების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, არქიტექტორი ანა ბიბილაშვილი.
„ურბანული განვითარების ინსტიტუტი“ იყო მათ შორის, რომელმაც თავისი შენიშვნები წარუდგინა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს უკანონო მშენებლობების შესახებ ამნისტიის პროექტის დამტკიცებამდე. შენიშვნები ჰქონდა „სითი ინსტიტუტი საქართველოსაც“ – კომპანიას, რომელიც ბათუმის გენგეგმაზე მუშაობს.
იმ შედეგების მიხედვით, რასაც ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით ინსპექცია ავრცელებს, გამოდის, რომ პრობლემა დღის წესრიგში დარჩა, დღის წესრიგში დარჩა ის რისკებიც, რაზეც სპეციალისტების ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში პროგნოზირებდნენ.
წყარო: "ბათუმელები"