თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ვაზიანში გადატანის შემდეგ, არსებული აეროპორტი დაიხურება. ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტის ამოქმედების შემდეგ ახლანდელი აეროპორტის ტერიტორიაზე ანალოგიური ფუნქციების მქონე ობიექტი აღარ იარსებებს, - ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.

BMG ასევე დაინტერესდა, რა დატვირთვა ექნება თბილისის მოქმედი საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიას და როგორია ამ კუთხით აზიის განვითარების ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის მიგნებები.

„ჩვენ გვაქვს პირველადი წარმოდგენა, არსებულმა აეროპორტმა და მისმა ინფრასტრუქტურამ, როგორც ახალმა საინვესტიციო პროექტმა, საქართველოს ეკონომიკაში რა მოცულობის კონტრიბუცია შეიძლება შეიტანოს.

აღნიშნულის საფუძველზე, ჩვენ ჩავატარებთ ახალ კვლევას და დავადგენთ, ამ ტერიტორიის რა მიმართულებით განვითარება იქნება საინვესტიციო და სხვა მიზნებისთვის უფრო მეტად პრიორიტეტული და ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო მეტად მოგებიანი“, - აცხადებენ სამინისტროში.

წყარო: bm.ge