საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების ფონზე, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად ტრანსპორტი, ლოგისტიკა, ვაჭრობა და ტურიზმი გამოიკვეთა. განსაკუთრებული ყურადღება კი საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურას, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს ეთმობა, რომელიც შუა დერეფნის კონტექსტში ქვეყნის სატრანზიტო როლის გაძლიერების ერთ-ერთ საკვანძო პროექტად განიხილება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, უზბეკეთის მხრიდან საქართველოს მიმართ საინვესტიციო ინტერესი მკაფიოდ არის გამოხატული.
„უზბეკეთი ცალსახად ადასტურებს ძალიან დიდ ინტერესს საქართველოსადმი უშუალოდ ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა ერთი კვირის წინ.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უზბეკეთის ოფიციალური დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრმა ლაზიზ კუდრატოვმა და უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა ილხომ მახკამოვმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები, ასევე ფოთის საპორტო ინფრასტრუქტურა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დაათვალიერეს.
ქვრივიშვილის თქმით, უზბეკეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში მხარეებს შორის არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა, რომელთა მიზანიც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების ხელშესახები ზრდაა.
„შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ორმა სახელმწიფომ ძალიან მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ერთმანეთთან იმისთვის, რომ ხელშესახებად გაიზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები. განსაკუთრებით კი გამოიყო ვაჭრობა, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორები, ისევე როგორც ტურიზმის სექტორი. სწორედ აქედან გამომდინარე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობა განსაკუთრებით გამოიკვეთა და ზოგადად, საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმყოფებით ანაკლიასა და ფოთში, სადაც ადგილზე დავათვალიერეთ არსებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში უკვე არის შექმნილი და ამავდროულად, მიმდინარე სამშენებლო პროცესი, რომელიც აქტიურ ფაზაშია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. რის შედეგადაც, 2029 წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველ ფაზას დავასრულებთ და მივიღებთ პირველ გემს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის შეფასებით, უზბეკეთთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსთვის რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. საუბარია სავაჭრო ბრუნვის ზრდაზე, უზბეკეთიდან პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაზე, ტურისტული ნაკადების გააქტიურებასა და საქართველოს მიმართულებით ტვირთბრუნვის გაზრდაზე. ქვრივიშვილის თქმით, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას და საქართველოს როლის ზრდას შუა დერეფნის კონტექსტში.
ამავე დროს, ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ უზბეკეთიდან საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა ამ დრომდე მოკრძალებულია. უზბეკური პირდაპირი ინვესტიციები საქართველოში 2009 წლიდან ფიქსირდება, თუმცა მათი მასშტაბი მაღალი არ ყოფილა. ბოლო 6 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჯამურად 19 მილიონი დოლარის უზბეკური ინვესტიცია ჩაიდო. უზბეკი ბიზნესმენების ინტერესი ძირითადად ვაჭრობას, უძრავ ქონებასა და სტუმარმასპინძლობის სექტორს უკავშირდება.
ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში უზბეკეთიდან მხოლოდ 220 ათასი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განხორციელდა, 2026 წლის პირველ კვარტალში კი უზბეკური FDI-ის მოცულობამ 276 ათასი დოლარი შეადგინა.
შესაბამისად, უზბეკური მხარის ინტერესი ანაკლიისა და ფოთის ინფრასტრუქტურის მიმართ მხოლოდ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების ნაწილად არ უნდა შეფასდეს. ეს არის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის, შუა დერეფნის და რეგიონული ლოგისტიკური ფუნქციის უფრო ფართო კონტექსტი.
მთავარი კითხვა ახლა ის არის, გადაიქცევა თუ არა დეკლარირებული ინტერესი რეალურ ინვესტიციებად და რამდენად შეძლებს საქართველო ამ შესაძლებლობის ეკონომიკურ შედეგებად გარდაქმნას. არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ ინტერესი იზრდება, თუმცა რეალური საინვესტიციო ეფექტი ჯერ კიდევ დასამტკიცებელია.