ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ათობით ენერგოპროექტის განხილვის შეჩერების შესახებ, დადებითი ნაბიჯია, რადგან წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი დაგროვდა, რომელიც მხოლოდ ფურცელზე წერია და რეალობაში მისი აღსრულება არ ხდება.
საქმე ისაა, რომ მთავრობის 13 ოქტომბრის განკარგულებით შეწყდა ათობით ენერგეტიკული პროექტის განხილვა, რომლებზეც საინვესტიციო შეთანხმებები (მემორანდუმები) არ იყო გაფორმებული. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, გეგმაში მოაზრებულ არაერთ პროექტში ხარვეზები იყო და ზოგადად, ენერგეტიკის სექტორში მიდგომები შესაცვლელია.
დავით მირცხულავას თქმით, აუცილებელია პროექტების შერჩევისას ფილტრები ჩამოყალიბდეს, რათა კონტრაქტები მხოლოდ რეალურ ინვესტორებთან გაფორმდეს ისეთ პროექტებზე, რომელიც განხორციელდება.
“უამრავი პროექტია მხოლოდ ფურცელზე დაწერილი და რეალურად არც საინვესტიციო პოტენციალი არ ჩანს. ეს არახალია და ამაზე ხშირად ვსაუბრობდით, რომ ფაქტობრივად ენერგეტიკაში იყო გარკვეული მეორადი ბაზარი. გარკვეული ადამიანები რაღაც პროექტების არეალს მოინიშნავდნენ, ხშირ შემთხვევაში პერსპექტიულს და მიზანი იყო ამ პროექტების გაყიდვა. აქედან გამომდინარე, იმ პროექტების მიმართ, სადაც არაფერი არ ხორციელდებოდა და არაფერი არ კეთდებოდა, არც კვლევები არ ტარდებოდა და არც რეალურად საინვესტიციო პოტენციალი არსებობდა, ბუნებრივია, ფილტრები იყო გასაკეთებელი.
ამიტომ, პოზიტიურად მიმაჩნია ეს გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ეს პროცესი ალბათ გაგრძელდება. პროექტების შერჩევის გარკვეული სისტემა და ფილტრები უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც რეალურია.
ასევე, ვფიქრობ, პროექტების მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს, ეს აუცილებელია, იმიტომ რომ მხარდაჭერის გარეშე საინვესტიციო კლიმატი ძალიან გაფუჭდება. საინვესტიციო კლიმატი კი ერთ-ერთი მთავარია ენერგეტიკულ რეფორმასა და პოლიტიკაში", - ამბობს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა.