ნეტო დარიცხვის სქემაში მიმდინარე წლის რვა თვეში 162 მზის  სადგური ჩაერთო. უმრავლესობა, ჯამში 140 ერთეული  "ენერგო პრო ჯორჯიას" სისტემაშია ინტეგრირებული. სემეკის სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, "ენერგო პროს" ქსელში მიმდინარე წელს მიერთებული მზის სადგურების დადგმული სიმძლავრე  4.2 მეგავატია.

რაც შეეხება თელასს, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართვისთვის დადგენილი  20%-იანი ლიმიტი  "თელასის" ქსელში მიმდინარე წლის ივნისში ამოიწურა. მას შემდეგ კი სისტემას 22 მზის სადგური დაემატა. ამ შემთხვევაში დადგმული სიმძლავრე ერთ მეგავატზე ნაკლებია და 640 კილოვატს შეადგენს. ყველაზე მეტი, 10 ერთეული მზის სადგური "თელასის" ქსელს ივლისში მიუერთდა.

ნეტო დარიცხვის სისტემამდე საქართველოში ნეტო აღრიცხვის მოდელი მოქმედებდა.  ნეტო აღრიცხვის რეგულაციით 2 720 სადგური სარგებლობს. მათი დადგმული სიმძლავრე 358 მგვტ-ია.

ცნობისთვის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაცია ნეტო აღრიცხვის სისტემის ნაცვლად ნეტო დარიცხვის რეგულაციის ფარგლებში გასული წლის 1 ოქტომბრიდან ხორციელდება. ახალი მოდელის ფარგლებში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი, ქსელში მიწოდებული კილოვატ საათების მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად, მიწოდებულ თითოეულ კილოვატზე შესაბამის საფასურს იღებს.

bp.ge