ძველ თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, ალბათ შეგიმჩნევიათ ლამაზი ძველი შენობა, რომელიც რკინის კონსტრუქციით არის გამაგრებული. ფასადზე დატანილი წარწერის მიხედვით, აქ ანტისაბჭოთა აჯანყებაში მონაწილეობისთვის დახვრეტილი პოლკოვნიკი გიორგი ხიმშიაშვილი ცხოვრობდა. მემორიალური დაფის გვერდით კი კიდევ ერთი – წარწერა გვამცნობს, რომ შენობა „მძიმე ავარიულ ზონას“ წარმოადგენს და საცხოვრებლად სახიფათოა. როგორც ოდნავ ქვემოთ ვკითხულობთ, მთაწმინდის გამგეობა სახიფათო ავარიული ზონის მცხოვრებლებს ქირით გაყვანას სთავაზობს.
ერთი შეხედვით, ეს სახლი ძველი თბილისის სხვა ავარიული სახლებისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა თუ მოპირდაპირე მხარეს გადახვალთ და შენობას თვალს ცოტა უფრო შორიდან შეავლებთ, შენობის მთელ სიგრძეზე უზარმაზარ ბზარს დაინახავთ.
ჭონქაძის 12 ნომრის მცხოვრებლებმა კამერასთან საუბარზე უარი გვითხრეს, კამერის მიღმა მათ ნაწილი ამბობს, რომ აქ დარჩენის ეშინიათ, თუმცა გამგეობის მიერ შემოთავაზებული თანხა თბილისში ბინის დასაქირავებლად საკმარისი არ არის. ნაწილი კი ძველი შენობიდან გასვლამდე ახალი პროექტის დამტკიცებას ელოდება.
ესეც მთაწმინდაა, პაოლო იაშვილის პირველი ნომერი, ამ სახლის ნაწილი იმდენად ავარიულია, რომ აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდა, ოდნავ უკეთ გადარჩენილ მხარეს კი, რამდენიმე ოჯახი ამ დრომდე ცხოვრობს.
„72 წლიდან ვცხოვრობთ აქ და ყველაფერი არის გაუბედურებული, როგორც გარეთ წვიმს -ისე წვიმს სახლშიც… მაღლა ისეთ მდგომარეობაა – შეგეშინდება, წაიქცევი“, – ამბობს სახლის ერთ-ერთი მცხოვრები.
კიდევ ერთი ისტორიული შენობა, რომლის მდგომარეობაც უკიდურესად მძიმეა, სოლოლაკში, ინგოროყვას ქუჩაზე მდებარეობს. შენობის ძველი ფასადი, ბზარების მიუხედავად, ჯერაც სოლიდურად გამოიყურება, მაგრამ ფასადს მიღმა ვითარება იმაზე საგანგაშოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
„ეს არის მზიდი კედლის კონსტრუქციის ჩაშლა, აქ ადრე საერთო საპირფარეშო იყო, ეს კედელი მეზობლის არის, მაგრამ ფიზიკურად ვერ ცხოვრობს ამ მდგომარეობის გამო. ეს იწევს ნელ-ნელა დაბლა და ქვათა წყობა ერთიც რომ გამოვაცალოთ, აუცილებლად ჩაიშლება კედელი მთლიანად. ეს პირდაპირ გვესაზღვრება ჩვენ. ამის წინ მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და იქითა კედელიც მსგავსად არის დაშლილი და დახრილი – მაგალითად, სამხარაულიდან ექსპერტი რომ იყო მოსული, ბევრ ოთახში არ შევიდა და აივნებზე არ გაიარა, რომ მე ჩემს სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩავაგდებო.
მაისის თვეში გავიგეთ, რომ ინგოროყვას 3 ა-ში უნდა დაწყებულიყო სამშენებლო სამუშაოები. ამის შემდეგ მუდმივად ვიბრძვით და ვცდილობთ, რომ ეს მშენებლობა შევაჩეროთ… რადგან ჩვენი სახლები არის მესამე და მეოთხე ხარისხის ავარიულობის – მზარდი არის ბზარები და ასევე ნებისმიერ დროს შეიძლება სახლები ჩაიშალოს მძიმე ტექნიკის გადაადგილებით. ერთი წელია, ველოდებით სასამართლოს, რომელიც არ ჩანიშნულა“, – ამბობს ინგოროყვას ქუჩის მცხოვრები თათია ჭელიძე.
„როდესაც ეს მძიმე ტექნიკა გადაადგილდება, მუდმივად ცვივა პატარა ზომის კენჭები და მშენებელი გვეუბნება, თქვენი სახლი იმდენად ავარიულია, რომ ნაგვის მანქანაზეც რეაგირებსო – ვიცით, რომ რეაგირებს და 2018 წელს იყო მესამე ხარისხის ავარიული. როდესაც უკვე მძიმე ტექნიკა შემოდის ყოველდღე – რა დროს ჩაიშლება სახლი, არ ვიცით.
მარტის თვეში სამხარაულისგან მივიღეთ ასეთი დასკვნა, რომ მუდმივად უნდა იდგეს აქ სეისმოგრაფი, რომელიც გაზომავს ვიბრაციას სამშენებლო არეალიდან – მისი დაყენება ვერ მოახერხა მშენებელმა და შეჩერდა მშენებლობა. ამის შემდეგ გავიგეთ კახი კალაძისგან, რომ იგეგმებოდა ქუჩის რეაბილიტაცია – ძალიან გაგვიხარდა, ყველა თანახმა ვართ და ვეძებთ იმ თანხებში, რაც არის გამოყოფილი ქირით ბინაზე, რომ გადავიდეთ. არის 80 კვადრატის ქვემოთ 800 ლარი და ზემოთ 1000 ლარი…
800 ლარად დღეს თბილისში ბინა იქირავო, როდესაც ორ წევრზე მეტია, ძალიან პრობლემურია და ვეძებთ – თუ მაინც და მაინც აქ მშენებლობა უნდა მოხდეს, შეჩერდეს მანამდე, სანამ განვითარების ფონდი არ შემოვა და ყველა მოსახლე არ იქნება გაყვანილი. გვაქვს მაგალითები არაერთი – ბათუმის ტრაგედია დადიანის ქუჩაზე და ვაგზლის მაგალითი – იმავე მდგომარეობის სახლში ვცხოვრობთ ჩვენც – რა დროს ჩამოიშლება არ ვიცით და არ გვინდა მსხვერპლი, დაცული რომ იყოს ჩვენი სიცოცხლის უფლება. მანამდე მაინც შეჩერდეს, სანამ არ დაიწყება ქუჩის რეაბილიტაცია, რომელიც აგერ სექტემბრიდან უნდა დაიწყოს. 18 სანტიმეტრი აქვს იატაკებს დახრა, მიდის იატაკები, ახლა რაც სამუშაოებიც აწარმოვეს, მაგალითად, სამ ნომერში ბიაზი მთლიანად სამშენებლო არეალისკენ გადმოიხარა, რადგან უშუალოდ საძირკველს ეხება იმ სახლის. ვინ იღებს პასუხისმგებლობას, ის რომ ჩაინგრეს ან ბზარები გაიზარდოს? მუდმივად ამბობენ, არ ვიცოდით, ვერ გავთვალეთ და ეს იყოს პირველი შემთხვევა, რომ გათვლა ხდება რაღაცების“, – ამბობს ინგოროყვას ქუჩის მცხოვრები.
2023 წელს ჩატარებული მოკვლევის მიხედვით, თბილისში 10 ათასი ავარიული სახლია, რომელთა ნაწილიც რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება, ნაწილი კი სასწრაფოდ გამაგრებას საჭიროებს.