“ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ზვიად ჩხარტიშვილის თქმით, ფოთის პორტში დამუშავებული ტვირთების ზრდის ტენდენცია გრძელდება.
2026 წლის იანვარ-სექტემბერში ფოთის ნავსადგურმა ჯამში 525,211 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია.
მან 9 თვის შედეგების შესახებ "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ეხება როგორც კონტეინერებს, აგრეთვე გენერალურ და საბორნე გზით მიღებულ ტვირთებს.
ამასთან, ზვიად ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ ცნობადობა ტვირთის კონტეინერის საშუალებით გადაზიდვასთან დაკავშირებით მზარდია, რაც ტვირთბრუნვის მაჩვენებლებზეც აისახება.
"9%-იანი ზრდა არის უბრალოდ 2026 წლის 9 თვის 2025 წლის 9 თვის მონაცემთან შედარებით. ხოლო, რომ შეხედოთ, უშუალოდ წლის დასაწყისთან შედარებით 17%-იანი ზრდა იყო. ეს, ერთის მხრივ, შეიძლება ჩრდილოეთისა და სამხრეთის დერეფანში არსებული კრიზისული სიტუაციისგან იყოს გამოწვეული, მაგრამ აქ ყურადსაღებია ის, რომ კონტეინერიზაცია იმატებს, ანუ ის ცნობადობა, რომ შეიძლება ტვირთი გადაიზიდოს კონტეინერის საშუალებით. უშუალოდ ჩვენთან, როგორც საქართველოში, აგრეთვე სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში უკვე უშუალოდ კონტეინერიზაციის ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა. ჩვენ ვაგრძელებთ ცნობადობის ამაღლებას, მუდმივად ვმართავთ შეხვედრებს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მთავარი ცენტრალური აზიიდან მომავალი და ცენტრალური აზიისკენ მიმავალი ტვირთებია, იმ ტვირთნაკადთან ერთად, რომელიც ვთქვათ ჩვენ შეიძლება პოტენციურად, რაც შეიძლება მაქსიმუმი გადავამისამართოთ ჩინეთი-ევროპის სავაჭრო დერეფნიდან. ცენტრალურ აზიაზე ჩვენ საკმაოდ სერიოზულ ფოკუსირებას ვახდენთ. იყო პერიოდი, როდესაც არ იყო ასეთი ცნობადობა და ტვირთის გადაზიდვა ერთი ან ორი სახეობით - საავტომობილო ან სარკინიგზო სახეობით მიიჩნეოდა მხოლოდ შესაძლებელი. დღეს უკვე საკმაოდ დადებითი ტენდენცია შეიმჩნევა. არიან საზღვაო კომპანიები, საზღვაო ხაზები, რომლებმაც ცენტრალურ აზიაში კონტეინერებით ტვირთის მიწოდება უკვე რეგულარულ საფუძველზე დაიწყეს. ეს უკვე ნიშნავს, რომ ცარიელი კონტეინერები ცენტრალური აზიის ქვეყნებში აკუმულირდება და ისინიც ამ ცარიელი კონტეინერების სატესტოდ დატვირთვას ცდილობენ - ეს ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანია. ერთია, რომ ჩვენ ვაცხადებთ დამუშავებული კონტეინერების რაოდენობის ზრდას TEU-ებში, მაგრამ ორმაგად მნიშვნელოვანია, როდესაც დატვირთვისა და დაცლის პროცედურები დატვირთული რეჟიმით ხდება.
წარმოიდგინეთ, ერთია როცა ცარიელ კონტეინერს ტვირთავ გემზე, როდესაც ექსპორტი მიდის - ჩვენ ექსპორტის ნაწილში მაჩვენებელი არც თუ ისეთი სახარბიელო გვაქვს, უმეტესი ნაწილი კონტეინერებისა გემზე ცარიელი მიემართება, როდესაც საქართველოდან ექსპორტს ვგულისხმობთ. პორტისთვის ექსპორტი არ არის საქართველოს ექსპორტი, ეს ტრანზიტიც შეიძლება ჩაითვალოს. როდესაც ტრანზიტული ტვირთი უკვე ცენტრალური აზიიდან მიემართება მსოფლიოს სხვა ქვეყნებში დატვირთულ მდგომარეობაში, პორტისთვის ეს ორმაგად დამატებითი შემოსავალია",- ამბობს ზვიად ჩხარტიშვილი.
დერეფნის შესაძლებლობებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ, “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდის საჭიროებას.
"საკმაოდ აგრესიული კონკურენციის პირობებში გვიწევს მუშაობა. შუა დერეფანი ყოველთვის იყო ალტერნატივა. აგრესიულ კონკურენციაში ვგულისხმობ იმას, რომ ტვირთისთვის ძირითადი მარშრუტები იყო ჩრდილოეთის დერეფანი და სამხრეთის დერეფანი. თუ არ გაიზარდა შესაძლებლობები და ჩვენ თუ ვერ მივიჩვიეთ ტვირთი და თუ ვერ დავტოვეთ, ჩვენ ვიქნებით როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივა. ჩვენი, ყველას მიზანი უნდა იყოს, რომ ეს იყოს კონკურენტუნარიანი დერეფანი, ეგრეთ წოდებული არჩევითი დერეფანი და არა, ვთქვათ, იძულებითი. თუ 1 მილიონი TEU კონტეინერი გაჩნდა ბაზარზე, ამ ეტაპზე ჩვენ ვერ დავაკმაყოფილებთ, იმიტომ რომ 9 თვის მონაცემებით უკვე 525 000 TEU არის დამუშავებული. ჩვენი წლიური გამტარუნარიანობა არის 600 000 TEU, მაგრამ საპროგნოზო მაჩვენებლებს უშუალოდ ჩვენ ვითვლით, დაახლოებით რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი, ახლა ვხდებით, რომ 600 000-ს სავარაუდოდ გადავაჭარბებთ და ჩვენ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ მზად ვართ, რომ, ვთქვათ, 650 000 TEU-მდე ვიმუშაოთ. ახალი ამწე შევიძინეთ, რომ 50 000 TEU-ით კვლავ გავზარდოთ გამტარუნარიანობა, მაგრამ ყველა ლიმიტს თავისი საზღვარი აქვს. რა თქმა უნდა, საზღვარი არსებობს და ეს საზღვარი გადის, ალბათ, დაახლოებით 650 000-დან შემდეგი წლისთვის შეიძლება, 700 000 TEU-მდე, უშუალოდ ფოთის პორტს ვგულისხმობ", - აცხადებს ზვიად ჩხარტიშვილი.