ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი ამბობს, რომ შუა დერეფანი სხვა მარშრუტების საიმედო ალტერნატივად უნდა იქცეს. როგორც Report.az წერს, მან ამის შესახებ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა მეორე ფორუმზე განაცხადა, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ევროკავშირის თანაორგანიზებით “Global Gateway“-ის ინიციატივის ფარგლებში იმართება.

მარტა კოსმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვალდებულია განავითაროს ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ შუა დერეფანი, ჩრდილოეთის მარშრუტის საიმედო გრძელვადიან ალტერნატივად.

"შუა დერეფანი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სარგებელია ამ მარშრუტზე გამავალი ყველა ქვეყნისთვის, რომელიც შედგება რკინიგზისა და პორტების ქსელისგან, რომელიც ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და შავ ზღვას ევროპასთან აკავშირებს",- თქვა კოსმა.

მან აღნიშნა, რომ შუა დერეფანში სატვირთო გადაზიდვები 2022 წლიდან დღემდე უკვე ოთხჯერ გაიზარდა.

"2030 წლისთვის, მისი მოცულობა შეიძლება გასამმაგდეს, თუ ინვესტიციები სათანადოდ იქნება მიმართული მისი სიმძლავრის გაზრდისა და შეფერხებების აღმოსაფხვრელად. ეს საკითხები ტაშკენტში ფორუმზე განხილვის ცენტრში იქნება“, - განაცხადა კოსმა და დასძინა, რომ ევროკავშირს საკუთარმა გამოცდილებამ აჩვენა, თუ რამდენად სარისკოა ერთ ქვეყანაზე ან წყაროზე გადაჭარბებული დამოკიდებულება.

bm.ge