საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ირაკლი ქარქაშაძე ამბობს, რომ შიდა ფრენებზე ტენდერის გამოცხადება უახლოეს მომავალში იგეგმება. როგორც მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ტენდერის გამოცხადება მათ შორის თელავის ახალი აეროპორტის მშენებლობის ვადებთან არის დაკავშირებული.
ირაკლი ქარქაშაძის თქმით, ჯერ კიდევ სწავლობენ, თუ რატომ არ მიიღეს წინა ტენდერში მონაწილეობა კომპანიებმა.
„შიდა ფრენების პროგრამა უმნიშვნელოვანესი სოციალური პროგრამაა. გიდასტურებთ, რომ აუცილებლად გაგრძელდება და მოხდება ფრენების სუბსიდირება. რაც შეეხება უშუალოდ ტენდერს, ბაზრის კვლევის ეტაპზე სამმა კომპანიამ გამოხატა ინტერესი, თუმცა სამწუხაროდ, ტენდერში არ მიიღეს მონაწილეობა. ჩვენ აქტიურად ვსწავლობთ მიზეზებს, რის გამო შეიკავეს თავი. არის რამდენიმე ასპექტი, რაც გასათვალისწინებელია და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პოზიციები მოვიდეს თანხვედრაში.
უახლოეს მომავალში ტენდერის გამოცხადებას ნამდვილად ვგეგმავთ. ახალი რეალობა გვაქვს, რეისების და აეროპორტების რაოდენობაც გასაზრდელია. დამოკიდებულია იმაზეც, როდის გავხსნით თელავის აეროპორტს. იცით, რომ პროექტირების ბოლო ეტაპზე ვართ, ტექნიკური ნახაზები უკვე მალე გვექნება და დავიწყებთ მშენებლობას. როგორც კი გვექნება კონკრეტული ვადები აღნიშნულთან დაკავშირებით, ამის მიხედვით უკვე განვსაზღვრავთ ფრენების განრიგსაც. სწორედ ამას ველოდებით. გიდასტურებთ, რომ გამოცხადდება ახალი ტენდერი, მისი უმთავრესი პირობა იქნება მეტი შესაძლებლობა ჩვენს მგზავრებს, მეტი მიმართულება და ყველა აეროპორტის ერთმანეთთან დაკავშირება“,- თქვა ირაკლი ქარქაშაძემ.