ქვეყანაში საწვავის ხარისხი მასშტაბური პრობლემაა - ასე ფიქრობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი. ვახტანგ იობაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია შეიქმნას ეფექტური კონტროლის სისტემა ქვეყნის შიგნით, საწვავის ხარისხთან დაკავშირებით.
"უნდა დაიწყოს კონტროლი ქვეყნის საზღვრიდან და უნდა განხორციელდეს მუდმივი სისტემური მონიტორინგი როგორც საცალო ქსელში, ისე ბაზებზე. ეს უნდა მოხდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონების მოცვა აუცილებელია. დიდი მადლობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ეკოლოგიის დეპარტამენტს, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს. ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ ამავე დროს, თუ შეიძლება არა სამჯერ, გაცილებით მეტჯერ უნდა შემოწმდეს ობიექტები. აუცილებელია უფრო მკაცრი მონიტორინგი დაწესდეს და ყველა დეტალი გაწერილი იყოს, სადაც ხარისხის ნებისმიერი კომპონენტი იქნება გათვალისწინებული.
ფაქტი სახეზეა, ერთჯერადი დაჯარიმება საკმარისი არ არის, თუ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის დახმარება საჭირო იქნება დავეხმარებით, რომ კონტროლი უფრო ინტენსიური გახადონ, რითაც საჭირო იქნება, ჩვენს წვლილს შევიტანთ. ქვეყანამ ევრო5-ის სტანდარტი დააწესა, ყველას უნდა ეშინოდეს, ვინც უხარისხო პროდუქტს ყიდის. ძალიან მნიშვნელოვანია, რეგიონალურად გაიშალოს კონტროლი, თუკი ამდენი ჯარიმის ამოღება შეიძლება, უფრო ინტენსიური უნდა გახდეს კვლევები, რომ რეალურად შეიცვალოს ვითარება და ხარისხის დაცვის პრევენცია მოხდეს," - ამბობს იობაშვილი.
ცნობისთვის,2024 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 1309,5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელს 8,3%-ით აღემატება. კერძოდ, შარშან
აღნიშნულ პერიოდში იმპორტის მაჩვენებელი 1208,9 ათასი ტონა იყო. 2024 წლის დეკემბერში იმპორტი 124 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც ნოემბრის მონაცემს 28,6 ათასი ტონით, ანუ 30%-ით აღემატებოდა.
რაც შეეხება მომწოდებელ ქვეყნებს, 2024 წლის მდგომარეობით პირველ ადგილზე რუსეთია, საიდანაც საწვავის იმპორტმა 653,1 ათასი ტონა - 49,9%; მეორე ადგილზე ბულგარეთია - 208,6 ათასი ტონა, 15,9%; მესამე ადგილი 184,6 ათასი ტონით (14,1%) რუმინეთმა დაიკავა; აზერბაიჯანის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 91,5 ათასი ტონაა - 7%-ია.
წყარო: რეზონანსი