1 ლიტრი ბენზინი პორტუგალიაში 7 ცენტით ძვირდება, დიზელი კი - 8 ცენტით. ეს ხდება პორტუგალიის მთავრობის მიერ მიღებული ზომების მიუხედავად, რომლებიც საწვავის გადასახადზე ფასდაკლებას ითვალისწინებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზრდა დაახლოებით 10 ცენტი იქნებოდა.
ევროპის საფონდო ბირჟების გახსნისას, დღეს განსხვავებული სურათი დაფიქსირდა: მადრიდსა და ლონდონში ნავთობის ფასების მცირე ვარდნა შეინიშნებოსა, ხოლო ფრანკფურტში, პარიზსა და მილანში - 0.4-პროცენტიანი ზრდა.
ტრამპს ჰორმუზის სრუტის დაცვა სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კვირას მოკავშირეები გააფრთხილა, რომ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (ნატო) „ძალიან ცუდი მომავალი“ ელოდება, თუ ისინი ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ მიმართულ ძალისხმევაში ვაშინგტონთან არ ითანამშრომლებენ. ეს სრუტე წარმოადგენს საერთაშორისო ნავთობვაჭრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე სანაოსნო გზას, რომელიც ირანელმა სამხედროებმა 28 თებერვალს ვაშინგტონისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწყებული შეტევის საპასუხოდ დაბლოკეს.
„ლოგიკურია, რომ მათ, ვინც სრუტით მოგებას ნახულობს, ხელი უნდა შეუწყონ იმის უზრუნველყოფას, რომ იქ ცუდი არაფერი მოხდეს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში, რომელშიც მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რეგიონის ნავთობზე ყველაზე მეტად ჩინეთი და ევროპა არიან დამოკიდებულნი.
რეზერვებიდან 400 მილიონი ბარელი ნავთობი გამოიყო
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) გასულ კვირას მიიღო გადაწყვეტილება თავისი სტრატეგიული რეზერვებიდან 400 მილიონი ბარელი ნავთობის გამოყოფის შესახებ, რაც მისი არსებობის ისტორიაში მარაგებიდან ყველაზე დიდი რაოდენობის გამოთავისუფლებული ნავთობია. IEA-ს ეს ნაბიჯი ნავთობის ფასებთან დაკავშირებული დაძაბულობის შემცირებას ემსახურება.
ამერიკის შეერთებული შტატები, ამ გადაწყვეტილების ფარგლებში, 172 მილიონი ბარელი ნავთობის გამოყოფაში მიიღებს მონაწილეობას. აშშ-ის მიერ სტრატეგიული რეზერვიდან გამოთავისუფლებული პირველი პარტია - 86 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი - ბაზარზე მიმდინარე კვირის ბოლოს შევა.
ნედლი ნავთობის ფასების არასტაბილურობაზე გავლენას ახდენს მოლოდინი, რომ ნავთობის ომი მოსალოდნელზე მეტხანს გაგრძელდება, ასევე ჰორმუზის სრუტეში არსებული პრობლემები, სადაც უკვე ნავთობის გადამზიდ რამდენიმე ტანკერზე განხორციელდა თავდასხმა.
ჰორმუზის სრუტე სტრატეგიული სანაოსნო გზაა, რომელზეც მსოფლიო საზღვაო ნავთობვაჭრობის დაახლოებით მეხუთედი მოდის და რომლის გავლითაც ასევე ხორციელდება გათხევადებული ბუნებრივი აირისა და სასუქების მნიშვნელოვანი მოცულობის ტრანსპორტირება.
18 და 19 მარტს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) საბჭო რიგგარეშე სესიას გამართავს, რათა თეირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკირების შედეგები და რეგიონში არსებული არასტაბილური მდგომარეობა განიხილოს, რაც ირანის ტერიტორიაზე აშშ-ისრაელის ერთობლივი შეტევის საპასუხოდ, სპარსეთის ყურის ქვეყნებზე ირანის თავდასხმებით არის გამოწვეული.
ბოლო დღეებში ჰორმუზის სრუტეში გემებზე განხორციელებულ რამდენიმე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ირანის რევოლუციურმა გვარდიამ აიღო.
წყარო: 1 არხი