საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2025 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) წინასწარი მონაცემები დააზუსტა. განახლებული მონაცემებით, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 8.4%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც მარტში გამოქვეყნებული წინასწარი შეფასებით ზრდის მაჩვენებელი 7.5% იყო.
საქსტატის მონაცემებით, გადახედვის შედეგად, 2025 წლის მშპ-ის მოცულობა მიმდინარე ფასებში 104.6 მილიარდი ლარიდან 108.4 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ნომინალური მშპ-ის მოცულობა თავდაპირველ შეფასებას 3.8 მილიარდი ლარით აღემატება, ხოლო წლიურმა ზრდამ 16.6% შეადგინა.
ეკონომიკური ზრდის ტემპის გადახედვა ეკონომიკის არაერთ სექტორში დამატებული ღირებულების მაჩვენებლების დაზუსტებას უკავშირდება. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ვაჭრობის სექტორში დაფიქსირდა, რომლის რეალური ზრდის მაჩვენებელი 3.8%-დან 7.5%-მდე გაიზარდა. სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში წინასწარი შეფასებით არსებული 5.7%-იანი კლება 0.8%-იან ზრდად გადაიხედა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში კი ზრდის მაჩვენებელი 12.9%-დან 15.9%-მდე გაიზარდა.
ზრდის ტემპი დაზუსტებული მონაცემებით უფრო მაღალი აღმოჩნდა ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში (10.8%, ნაცვლად 8.9%-ისა), განთავსებისა და საკვების მიწოდების საქმიანობებში (8.7%, ნაცვლად 5.6%-ისა), უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში (6.5%, ნაცვლად 5%-ისა) და მშენებლობაში (2.5%, ნაცვლად 0.8%-ისა). ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში, რომელიც კვლავ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა, ზრდა 28.7%-დან 28.9%-მდე გადაიხედა.
რაც შეეხება მშპ-ის ნომინალურ მოცულობას, ყველაზე დიდი მატება მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა. დარგის დამატებული ღირებულება თავდაპირველ შეფასებასთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით გაიზარდა და 8.4 მილიარდ ლარს მიაღწია. ვაჭრობის სექტორის მაჩვენებელი 725.2 მილიონი ლარით, დამამუშავებელი მრეწველობის კი 564.3 მილიონი ლარით გაიზარდა.