მე ვეტოს დავადებ ბევრ რამეს, რასაც დემოკრატები თავდაპირველად გამომიგზავნიან და ქვეყნისთვის ცუდია, ვფიქრობ, საბოლოოდ დამირეკავენ და მეტყვიან: „მოდით, შეთანხმებას მივაღწიოთ“ და შევძლებთ შეთანხმებას ჯანდაცვაზე და მედიკამენტების ფასებზე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეწამყვან სტივენ სმიტის გადაცემა Straight Shooter Media-სთან ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა, აშშ-ში მედიკამენტებზე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ფასები იყო, შემდეგ მან მოლაპარაკებები აწარმოა ქვეყნებთან და მათ ტარიფები დაუწესა, შედეგად კი, ახლა აშშ-ში მსოფლიოში წამლების ყველაზე დაბალი ფასებია.

„ჩვენ გვქონდა მედიკამენტების ყველაზე მაღალი ფასები მთელ მსოფლიოში. ჩვენ მთელი მსოფლიო გვატყუებდა და ახლა ვიხდით წამლების ყველაზე დაბალ ფასებს მსოფლიოში. სხვათა შორის, ამაზე ტარიფები გამოვიყენე. მე ვიყავი საფრანგეთში, გერმანიაში და სხვადასხვა ადგილას ტელეფონით, ზოგიერთ შემთხვევაში – პირადად, მათ ვუთხარი: „თქვენ მოგიწევთ თქვენი წამლების ფასების გაორმაგება და გასამმაგება, რადგან ჩვენი ფასები 10-ჯერ მეტია, ვიდრე უნდა იყოს და ჩვენ ამას აღარ ვაპირებთ, მე თქვენს ქვეყანას უზარმაზარ გადასახადებს დავუწესებ, ვიდრე ამ ცვლილებას არ განახორციელებთ“. ყველა მათგანმა ცვლილება შეიტანა. ასე რომ, ჩვენ მსოფლიოში წამლების ყველაზე მაღალი ფასებიდან ახლა მსოფლიოში წამლების ყველაზე დაბალ ფასებამდე ჩამოვედით“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, მისივე თქმით, ელოდება, რომ ჯანდაცვის საკითხებზე დამოკრატები მასთან ითანამშრომლებენ, რადგან კარგი ჯანდაცვა მათაც სურთ.

„შეიძლება, დემოკრატებმა ჩემთან ითანამშრომლონ, რადგან, ვფიქრობ, მათ კარგი ჯანდაცვა სურთ. ჩვენ საშინელი ჯანდაცვა გვაქვს“, – აღნიშნა ტრამპმა.

1tv.ge