სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობა შემცირდა, პარალელურად, შემცირდა სამუშაო ძალის მაჩვენებელიც.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში აღნიშნულ საკითხზე საუბრისას ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი ამბობს, რომ თუ უმუშევრების დიდი რაოდენობა დატოვებს ქვეყანას, ავტომატურად, ადამიანების რაოდენობა, რომელიც უმუშევარია, მცირდება. შესაბამისად, როცა ამ მაჩვენებელს შევაფარდებთ სამუშაო ძალასთან, ეს მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს.

„გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ ერთი მხრივ შემცირებულია დასაქმებულთა რაოდენობა და მეორე მხრივ, შემცირებულია უმუშევრობა. ამ სიტუაციას ერთმანეთზე დაკავშირებული ორი გარემოება ხსნის: საქართველოში წინა წლის მე-3 კვარტალთან შედარებით, შემცირებულია 15-ს ზემოთ მოსახლეობის რაოდენობა და შემცირებულია, ასევე, სამუშაო ძალა, ანუ ის ადამიანები, რომლებიც ან მუშაობენ ან არ მუშაობენ, მაგრამ ეძებენ სამსახურს. პირველი მაჩვენებელი დაახლოებით 40 ათასით არის შემცირებული, მეორე - 25 ათასით. ერთადერთი ერთადერთი ლოგიკური ახსნა რაც არსებობს, ის არის, რომ ეს ემიგრაციის შედეგია - რადგან კვარტლიდან კვარტლამდე იცვლება სამუშაო ძალისა და 15-ს ზემოთ მოსახლეობის რაოდენობა, შემცირების უპირველესი ამხსნელი ემიგრაცია იქნებოდა. რაც შეეხება იმას, რატომ მცირდება უმუშევრობა - თუ უმუშევრების დიდი რაოდენობა დატოვებს ქვეყანას, ავტომატურად, ადამიანების რაოდენობა, რომელიც უმუშევარია, მცირდება.

შესაბამისად, როცა ამ მაჩვენებელს შევაფარდებთ სამუშაო ძალასთან, ეს მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს. მთავარი ამხსნელი საქართველოში უმუშევრობის შემცირების არის ის გარემოება, რომ როგორც ჩანს, ბევრმა ქართველმა უმუშევარმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა“, - განაცხადა გიორგი ხიშტოვანმა.