"საქსტატის" წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით სულ 179.4 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია.

ეკონომისტ პაატა ბაირახტარის ინფორმაციით, საქართველოში ინვესტიციების ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2009 წელს იყო. 

FDI-ის პროცენტულ განაწილებაში პირველ ადგილს 43.0 მილიონი დოლარის ინვესტირებით ჩეხეთი იკავებს, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის მოხვდა სამი ისეთი ქვეყანაც, რომელიც ოფშორული ოპერაციებისთვის გამოიყენება: ვირჯინიის კუნძულები 25.4 მილიონი დოლარით, მარშალის კუნძულები 24 მილიონი დოლარით და მალტა 12 მილიონი დოლარით. მეორე ადგილზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია- 39.6 მილიონი დოლარით, რაც 2025 წელს განხორციელებული FDI-ის 22,1%-ია. 

პაატა ბაირახტარი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ინვესტიციების კლებას დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობები, საარბიტრაჟო დავები და ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური გაურკვევლობა განსაზღვრავს. აღსანიშნავია, რომ  რეინვესტიციების წილი 80%-ს აჭარბებს, რაც მიანიშნებს, რომ ახალი კაპიტალის შემოდინება ქვეყანაში ფაქტობრივად შეჩერებულია.

,,ზოგადად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი და ჩემი აზრით, ფუნდამენტური წყაროა.  გარდა ფინანსური სარგებელისა, უცხოურ ინვესტიციებს  ტექნოლოგიური განვითარებაც შემოაქვს, შესაბამისად, გარდა იმ ფისკალური სტიმულისა, რომელიც FDI-ის შემოდინებას გააჩნია, მეტი უცხოური ინვესტიცია ქვეყნის სწრაფ და მეტ ტექნოლოგიურ განვითარებას ნიშნავს.  FDI მხოლოდ 2025 წლის პირველ კვარტალში არ შემცირებულა, სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ბოლო წლებში ზოგადად შემცირების დინამიკაა.

ჩემი აზრით, რამდენიმე ფაქტორია, რითად შეიძლება ეს იყოს განპირობებული: პირველი, რა თქმა უნდა, დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობებია. რთულია, ინვესტორი დაარწმუნო, როცა მთავრობის ყოველი მეორე წევრი სანქციების ქვეშ არის.

ასევე, საქართველოს რამდენიმე საარბიტრაჟო დავა აქვს, რომელიც რეპუტაციულად მაინცდამაინც მოგებიანი არ არის. ამ ყველაფერს კი დაძაბული პოლიტიკური ფონი ემატება და საბოლოო ჯამში იმ სურათს ვიღებთ, რომლის წინაშეც ვდგავართ. აღსანიშნავია, რომ განხორციელებული ინვესტიციების 80%-ზე მეტი რეინვესტირებაა, ანუ ახალი კაპიტალის შემოდინება მინიმუმამდეა დასული",- აღნიშნა პაატა ბაირახტარმა.