ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით, საქართველოს გერმანიიდან ღვინის პროფესიონალები, ჟურნალისტები, ბლოგერები და ინფლუენსერები სტუმრობდნენ.
9-კაციანი ჯგუფის წევრები ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და მარნებს ქართლსა და იმერეთში ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო, გაეცნენ ღვინის დამზადების ტექნოლოგიებსა და პროცესს.
იმერეთში სტუმრებმა ღვინის მარნები ბაღდათის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში მოინახულეს.
ასევე ესტუმრნენ მექვევრე ზაალ ბოჟაძეს, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვევრის დამზადების მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და ტრადიციებს, ასევე მონაწილეობა მიეღოთ სპეციალურად მათთვის გამართულ მასტერკლასში.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, გერმანულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობა 2021 წლიდან დაიწყო. აქტიური პოპულარიზაციის კამპანია მიმდინარე წელსაც გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დეგუსტაცია-სემინარები გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალების, ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისა და მომხმარებლებისთვის იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე, ხორციელდება მიზნობრივი სარეკლამო და მედია კამპანიები. მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის საქართველოში ღვინის ტურები ეწყობა.
გერმანია ქართული ღვინის გაყიდვების მზარდი დინამიკით გამოირჩევა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან გერმანიაში ექსპორტირებულია 1,14 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით მეტია.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს