2025 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 27 980.9 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.4 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2025 წლის III კვარტალში 4.7 პროცენტით განისაზღვრა.
2025 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.1 პროცენტი), განათლება (20.7 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (14.7 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (9.7 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (8.1 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (13.0 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (3.0 პროცენტი).
კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (-5.4 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-3.3 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (-8.7 პროცენტი).
მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.0 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (9.4 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (8.8 პროცენტი), მშენებლობა (8.4 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (7.4 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.3 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.2 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.0 პროცენტი), განათლება (5.4 პროცენტი).