ეკონომისტი პაატა ბაირახტარი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ემიგრანტების ფულადი გზავნილები უკიდურესად მნიშვნელოვანია, მათ შორის, გზავნილები დადებით გავლენას ახდენს ლარის კურსის სტაბილურობაზეც.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას პაატა ბაირახტარი აცხადებს, რომ ემიგრანტების გზავნილები ქვეყანაში ფულადი შემოდინების მთავარი წყაროების პირველ სამეულშია.
„რამდენად მნიშვნელოვანია ფულადი გზავნილები ჩვენი ეკონომიკისთვის, თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე ფაქტორსა და პარამეტრს დავაკვირდეთ. მაგალითად, ფულადი გზავნილები 6-ჯერ აღემატება იმავე პერიოდში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, რაც კოლოსალურად მაღალი მაჩვენებელია. ასევე, ფულადი გზავნილები ჩვენი ექსპორტის თითქმის ნახევარს უტოლდება, ესეც არის კოლოსალურად მაღალი მაჩვენებელი. ჩათვალეთ, რომ ფულადი შემოდინების მთავარი წყაროების პირველ სამ ჩამონათვალშია ფულადი გზავნილები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მახსენდება „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე, ეს თანხა ვიღაცების ანგარიშებზე ირიცხება და ბიუჯეტში არ შედის. დამიჯერეთ, რომ სწორედაც ქვეყნის ბიუჯეტიცა და ეკონომიკაც სწორედ ამ ადამიანების გზავნილებზეა დამოკიდებული. ცოტა მეტი ყურადღებით მოეკიდონ თავიანთ განცხადებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ადამიანებმა ერთ დღეს რომ გადაწყვიტონ, თავი შეიკავონ გზავნილებისგან თუნდაც ერთი თვის მანძილზე, ეკონომიკა თავზე დაგვემხობა“, - ამბობს პაატა ბაირახტარი.