2025 წლის 9 თვეში ბაზარი წლიურად 35%-ით 7.62 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. აქედან ადგილობრივ ბაზარს 41%-იანი წილი ეკავა, რაც 3.1 მლრდ ლარს შეადგენდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია ნათქვამი.

„საგრძნობი ზრდა ფიქსირდება საქართველოდან საერთაშორისო ელკომერციის ბაზარზე დანახარჯებში, რომელიც 2025 წლის 9 თვეში 4.5 მილიარდ ლარს გაუტოლდა, თუმცა, ზრდის ტემპი ადგილობრივი ბაზრის მაჩვენებელს ჩამორჩება“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

2024 წლის 9 თვეში ადგილობრივ ელექტრონულ კომერციაზე 37% მოდიოდა. წლიურად კი 2024 წელს ელექტრონული კომერციის ბაზარი 7.9 მლრდ ლარამდე იყო გაზრდილი და აქედან 38% - 3 მილიარდი ლარი, ადგილობრივ მოვაჭრეებზე მოდიოდა.

„ელექტრონული კომერციის ბაზარზე საქონლისა და მომსახურების წილი, შესაბამისად, 40% და 60%-ია. საქონელი მეტწილად ელექტრონიკის კატეგორიაზე მოდის, ხოლო სერვისებში ტრანსპორტი და მოგზაურობა ლიდერობს. უკანასკნელი, ზოგადად, საკმაოდ გაციფრულებული სეგმენტია და უნაღდო ტრანზაქციების დაახლოებით 90%-ს ელკომერციის არხებით იფარება", - ნათქვამია მიმოხილვაში.

თიბისი კაპიტალში აღნიშნავენ, რომ ადგილობრივი ელექტრონული კომერციის ბაზრის მოცულობამ (₾3.1 მლრდ) წელს 9 თვეში 2024 წლის ჯამურ შედეგებს გადააჭარბა.