„ჯარიმებზე თუ ამნისტია დავაწესეთ, მაშინ რად გვინდა კანონმდებლობა“, - ასე ეხმაურება საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი იზორია „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ მართვის მოწმობასთან დაკავშირებულ ამნისტიას.
როგორც ირაკლი იზორია აღნიშნავს, დაგეგმილმა ცვლილებებმა შესაძლოა, ნასვამ მდგომარეობაში ავტოტრანსპორტის მართვის შემთხვევები წაახალისოს.
„სახელმწიფოს მიერ შემოღებული ქულათა სისტემა ემსახურებოდა იმას, რომ ნასვამ მდგომარეობაში საგზაო შემთხვევების რეციდივები აღარ განმეორებულიყო, შესაბამისად, ამ ნაწილში საერთოდ არ ვეთანხმები ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილებას, მაშინ ეს ქულები რაში გვჭირდებოდა? საახალწლოდ საჩუქარი უნდა გავუკეთოთ ამ ადამიანებს? კატეგორიულად არ ვეთანხმებით ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირებისთვის მართვის მოწმობის დაბრუნებას. ისედაც პრობლემური სიტუაციები გვაქვს ნასვამობასთან დაკავშირებით. დაანონსებულია, რომ დაახლოებით 18 ათას ასეთ მძღოლს აღუდგება მართვის უფლება, ამ 18 ათას ადამიანს ვაბრუნებთ ისევ ქუჩებში და გარანტია გვაქვს, რომ ეს ადამიანები აღარ დალევენ საჭესთან? მაშინ მოგვეფიქრებინა ისეთი კურსები როგორიც არის შვეიცარიაში, სადაც ნასვამობის რეციდივი რომ არ მოხდეს, კურსს გადიან მძღოლები. მსგავსი რამეც არ არის შემოთავაზებული.
ჯარიმებზე თუ ამნისტია დავაწესეთ, მაშინ რად გვინდა კანონმდებლობა. მე გადავხედე ევროკავშირის გამოცდილებასაც ამ ნაწილში, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება ასეთი რამ. ერთადერთი იყო სამხრეთ კორეა, სადაც მსგავსი ამნისტია მიიღეს, მაგრამ ამან ეფექტი ვერ იქონია, პირიქით, იმ წლებში უფრო მეტი დარღვევა იყო. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს ამნისტია არის წახალისება, რომ წლიდან წლამდე არღვიონ კანონი და მაინც დაუბრუნო მართვის მოწმობა. საინტერესოა, რა იქნება ერთი წლის შემდეგ, შეიცვლება თუ არა ნასვამ მდგომარეობაში მომხდარი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა. როცა ამდენ ადამიანს ვუბრუნებთ მართვის მოწმობას, შესაძლოა, ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გაიზარდოს“, - ამბობს იზორია.
მისი თქმით, კანონის პირობებში შსს ნასვამ მდგომარეობაში მართვის უფლება ჩამორთმეულ პირებს თანხის სანაცვლოდაც იშვიათად უბრუნდება მოწმობას. ამის ფონზე საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის თავმჯდომარისთვის გაუგებარია, ყველანაირი პირობის გარეშე, რატომ უნდა დაუბრუნდეს მართვის უფლება ასეთ მძღოლებს.
„არსებობდა კანონში ჩანაწერი, თუმცა, ძალიან იშვიათ შემთხვევაში ახდენდა შინაგან საქმეთა სამინისტრო მართვის მოწმობის აღდგენას, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერი იყო ნასვამობასთან დაკავშირებით და მკაცრი მოთხოვნებიც გვქონდა. ახლა ჩემთვის გაუგებარია, თუ მაშინ თანხის სანაცვლოდაც არ უბრუნებდნენ ადამიანებს მართვის უფლებას, მაშინ ახლა რა შეიცვალა, რომ ყველაფრის გარეშე ვუბრუნებთ და ქუჩაში ვუშვებთ ამ ადამიანებს. საუბარია დაახლოებით 24 ათას მძღოლზე, აქედან 18 ათასი არის ნასვამ მდგომარეობაში ვისაც ჩამოერთვა მართვის უფლება, 3 ათასზე მეტია ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართვის გამო ჩამორთმევა და ა.შ.
18 ათას ადამიანს ქუჩაში ვუშვებთ, ამათი კონტროლი როგორ იქნება? წესით პასუხისმგებელი ამაზე უნდა იყოს სახელმწიფო. ადამიანი როდესაც ნასვამი ჯდება საჭესთან და გადის ქალაქში, ჩათვალეთ რომ, დატენილი იარაღით სიარულს ჰგავს - რამდენი მსხვერპლი და უბედურება ხდება ამის გამო. დღევანდელ პირობებში როდესაც უსაფრთხო სისტემური მიდგომა, რაც საგზაო შემთხვევების შემცირებას უნდა ემსახურებოდეს, არ ცნობს მსგავს რეგულაციებს, პირიქით, გამკაცრება უნდა მოხდეს სანქციების, ბევრმა ქვეყანამ სისხლის სამართლებრივი დევნაც დააწესა ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისთვის“, - განაცხადა ირაკლი იზორიამ.
შეგახსენებთ, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან მართვის მოწმობა ერთჯერადად აღუდგებათ იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული უფლება ჩამორთმეული აქვთ ალკოჰოლური სიმთვრალის, შემთხვევის ადგილის მიტოვების, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენის/მოხმარების გამო, ან თუ მათ ქულები გაუნულდათ.