იანვარ-ოქტომბერში რუსეთში ღვინის ექსპორტში და იმპორტში საქართველო მეორე ადგილზეა. ამის შესახებ ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით რუსული მედია იუწყება.

ფედერალური საბაჟო შემოსავლებისა და სატარიფო რეგულირების მთავარი სამმართველოს უფროსმა, მაქსიმ ჩმორას ინფორმაციით, რუსეთში ღვინის იმპორტი 10 თვის განმავლობაში 6%-ით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-ოქტომბერში ღვინის მთლიანმა იმპორტმა 532,4 ტონა შეადგინა, მაშინ, როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 501,1 ტონა ღვინო შევიდა.

ყველაზე დიდი იმპორტიორი იტალიაა, საიდანაც რუსეთში მთლიანი მოცულობის 30% შევიდა. საქართველოდან რუსეთში იმპორტირებული ღვინის წილი 17%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის ესპანეთი, რომლის წილიც 13%-ია.

„მთავარი ლიდერები პოზიციებს არ კარგავენ,“ - აცხადებს ჩმორა.

რაც შეეხება რუსული ღვინის ექსპორტს, მაქსიმ ჩმორას მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი გაორმაგდა და 2,8 ათას ტონას მიაღწია. მთავარ საექსპორტო მიმართულებებში აქაც მეორე ადგილზე საქართველოა, კერძოდ, მისი ოკუპირებული რეგიონი, აფხაზეთი, რომელიც ცალკე „ქვეყნად“ არის დასახელებული.

რუსეთიდან ღვინო, ძირითადად, ჩინეთში გადის, რა მიმართულებაზეც ექსპორტი 41%-ს შეადგენს, შემდეგი აფხაზეთია, რომელსაც ექსპორტირებული რუსული ღვინის მთლიანი მოცულობის 40% მიეწოდება.