„ჩვენ დღეს გვაქვს საკმაოდ მდგრადი და ინოვაციური ეკოსისტემა, რომელიც ჩვენდა გასაკვირად არის მდიდარი, რადგან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სისტემის ასაშენებლად 10 წელი არის ძალიან მცირე დრო. ამას სჭირდება სხვადასხვა ტიპის პროგრამები, აქტივობები. ასევე თვითონ კომუნიტის შექმნას სჭირდება ძალიან დიდი დრო, რესურსი და ა.შ. საქართველომ აქაც გამოიჩინა სწრაფად პროგრესირებადი ინიციატივები და ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა ინოვაციურ ეკოსისტემაში შემოსვლით“, - ამის შესახებ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა. 

მისი თქმით, 10 წლის განმავლობაში სააგენტომ 239 სტარტაპი დააფინანსა. დაფინანსების ჯამური ოდენობა კი 38 მლნ ლარს შეადგენს. 

„ძალიან ბევრმა პროფესიონალმა, რომლებიც საკმაოდ მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ საბანკო სექტორში, სადაზღვევო სექტორში თუ სხვა სამსახურებში, დატოვეს პოზიციები და ჩაერთნენ გლობალური სტარტაპების შექმნაში, რადგან დაინახეს რომ ასე უფრო კარგი შედეგების მიღება შეუძლიათ. ამ 10 წლის განმავლობაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ 239 სტარტაპი დააფინანსა. პირდაპირი დაფინანსების ოდენობამ 38 მლნ ლარი შეადგინა. ამ სტარტაპებმა კი შემდეგ ნახევარ მილიარდზე მეტი კერძო კაპიტალი დააგენერირეს. ეს აჩვენებს იმას, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ინოვაციების ეკოსისტემას. 

სტარტაპებისთვის არ არის გამოწვევა ის, რომ მათი 90% წარუმატებელი ხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს არის ფაქტი. სწორედ ეს განასხვავებს გლობალურ მასშტაბის უნარიან სტარტაპს, რომ ის 10%, რომელსაც ის აგენერირებს, მთლიან დანახარჯებს აბალანსებს. მაგალითად ამ 239 სტარტაპიდან ნახევარი მილიარდი ლარი 45 სტარტაპის მიერ გენერირებული თანხა იყო“, - განმარტა ავთანდილ კასრაძემ. 

მისი თქმით, საქართველოს რეგიონის ქვეყნებისგან განასხვავებს ის პოტენციალი, რომელიც ქვეყანაში გლობალური ტოპ აქსელერატორის გენერალური ოფისის გახსნამ და კერძო ვენჩურული ფონდის შექმნამ მოიტანა. 

„მნიშვნელოვანია ის, რომ გლობალური ტოპ აქსელერატორი არის თბილისში და ჩვენი დედაქალაქი იზიდავს ძალიან ბევრ სტარტაპს, არა მარტო საქართველოში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ეს არის ცენტრალური აზიის ქვეყნები: ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი. ასევე ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ასევე უკრაინიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. გლობალურ ტოპ აქსელერატორთან ერთად შეიქმნა პირველი კერძო ვენჩურული ფონდი 20 მლნ დოლარის კაპიტალიზაციით და მასში სახელმწიფოს მონაწილეობა მხოლოდ 25%-ია“, - განაცხადა ავთანდილ კასრაძემ. 

მან ასევე ისაუბრა ინოვაციური სტარტაპების 3 წლის ვადით ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებაზე და განმარტა, თუ რომელ სტარტაპებს შეეხებათ აღნიშნული შეღავათი. 

„იმისთვის, რომ ქართული ინოვაციური ეკოსისტემა მეტად განვითარდეს, გადავწყვიტეთ, რომ საჭირო იყო ამ ინიციატივის განხორციელება. საქართველოს ისტორიაში არასდროს, არცერთ ინდუსტრიაში მსგავსი საგადასახადო შეღავათი არ დაწესებულა. ეს უმნიშვნელოვანესია დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისთვის, რადგან სტარტაპების უმეტესობა 2-3 წლის განმავლობაში შეიძლება იყოს ორგანიზაცია მოგების გარეშე და მთლიანად ინვესტიციაზე იყოს დამოკიდებული. 

საგადასახადო შეღავათები არ იქნება მიბმული ინდუსტრიებზე. საგადასახადო შეღავათი გავრცელდება ყველა სექტორზე, რომელში მომუშავე ბიზნესიც დააკმაყოფილებს ინოვაციური სტარტაპის სტატუსს, თუ ინოვაციური მცირე და საშუალო ბიზნესის სტატუსს. რაღა თქმა უნდა, საგადასახადო კოდექსში ჯერ ასეთი ფორმულირება არ არის. სწორედ ამიტომ, ჩვენ საკანონმდებლო ინიციატივას ვამუშავებთ. საგადასახადო კოდექსში არ განიმარტება რა არის ინოვაციური სტარტაპი, ეს განიმარტება ინოვაციების შესახებ კანონში. ეს არის სპეციალიზებული კანონი, რომელიც დღესაც მოქმედებს და შესაბამისად, იქ დაემატება სპეციალური თავები ინოვაციურ სტარტაპზე, ინოვაციურ მცირე და საშუალო ბიზნესზე, არენდი კომპანიებზე“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.