Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი ზურაბ ძნელაშვილი იმ გამოწვევებს ასახელებს, რაც საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით დაუკვირვებად ეკონომიკას უკავშირდება.

როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა, მიიჩნევს, რომ ყველა საქმიანობა უნდა ექვემდებარებოდეს აღრიცხვასაც და დეკლარირებასაც.

"დაუკვირვებადი ეკონომიკა და ჩრდილოვანი ეკონომიკა, როდესაც ამ ტერმინებზე ვსაუბრობთ, არის ბევრად უფრო ფართო ცნება, რომელიც უფრო სტატისტიკის და ეკონომისტების კვლევის საგანია. მე შევეხები საგადასახადო ადმინისტრირების პერსპექტივით ამ საკითხს. საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით გვაქვს სამი გამოწვევა, რომელიც უკავშირდება დაუკვირვებადი ეკონომიკის მაჩვენებლების ზრდას, ზოგადად და ამ მაჩვენებლებს. პირველი, ეს არის არარეგისტრირებული ბიზნესი, რომელიც გასული როგორც კონტროლის, აგრეთვე აღრიცხვის სფეროდან. მეორე, ეს არის უკვე არადეკლარირებული დაბეგვრის ობიექტები, ანუ შეიძლება ბიზნესი დაარეგისტრირო, მაგრამ დაბეგვრის ობიექტი დამალო, შეამცირო დეკლარაციაში, ბრუნვაში შეამცირო შემოსავალი, შეამცირო ქონება ან დაქირავებულები. და მესამე, რომელსაც მე შევეხებოდი, ეს არის თვითონ საგადასახადო შეღავათების სისტემა და საშეღავათო საგადასახადო რეჟიმები, დაბეგვრის რეჟიმები. მაგალითად, საგადასახადო კოდექსში გვიწერია, რომ თუ საგადასახადო შეღავათი ვრცელდება და არ იბეგრება, პირი არ არის ვალდებული, რომ დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად. ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველა ეკონომიკური აქტორი, ეკონომიკურ საქმიანობაში ჩაბმული ყველა პირი და ყველა საქმიანობა უნდა ექვემდებარებოდეს აღრიცხვასაც და დეკლარირებასაც. ავიღოთ იგივე ფიქსირებული გადასახადი, ვიცით, რომ დაწესებულია ზოგიერთი დარგისთვის. ეს არის ვთქვათ სალონები, თონე, ავტოსამრეცხაოები და სახელოსნოები და კიდევ რამდენიმე საქმიანობა. ისინი ფიქსირებულად იხდიან თვეში რაღაც თანხას, ვთქვათ 50 ლარი თუ 100 ლარი, გააჩნია საქმიანობას და არაფერი მათ არ ევალებათ აღრიცხვის კუთხით. ეს არ არის სწორი, ჩვენ საერთოდ წარმოდგენა არ გვაქვს იგივე მიკრობიზნესის სტატუსზე და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირებზე, რა ბრუნვები აქვთ, რა მოცულობის შემოსავალი, აქტიურობა აქვთ. ესეც ერთ-ერთი ხარვეზია",- ამბობს ზურაბ ძნელაშვილი.

საქსტატის შეფასებით, ჩრდილოვან ეკონომიკა, ანუ დაუკვირვივებადი ეკონომიკა, 2025 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით ეკონომიკის 13.6%-ს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

bm.ge