„[ტურიზმში] სრული სვლით მივდივართ აზიისკენ“ - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა ჟურნალისტის კითხვას: ევროპა თუ აზია ანუ საით მიდის ქართული ტურიზმი?

„2025 წელს წავედით აზიის მხარეს... ამ ეტაპზე, სრული სვლით მივდივართ აზიისკენ. ასეთია რეალობა“, - თქვა მან.

მისი დაკვირვებით, ყველაზე საინტერესო ცვლილება ტურისტების მომსახურების კულტურაში შეიმჩნევა. შალვა ალავერდაშვილი აცხადებს, რომ სექტორი იძულებულია მაქსიმალურად მოერგოს ახალ რეალობას, რაც აზიურ ბაზარზე ფოკუსირებას გულისხმობს.

„ტურიზმის სექტორმა აბსოლუტური გადასხვაფერება განვიცადეთ. ტურისტების მომსახურება უკვე აბსოლუტურად სხვანაირია... ჩამოგვყავს ტრენერები, რომლებიც გვასწავლიან, როგორ ვესაუბროთ ინდოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს, როგორ ველაპარაკოთ ჩინეთიდან ჩამოსულ სტუმრებს, რა გავუმზადოთ, რა შევთავაზოთ“, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

რაც შეეხება 2025 წლის შედეგებს, სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ეთანხმება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალურ სტატისტიკას და აცხადებს, რომ შარშანდელი წელი 2024 წელს სჯობდა და კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ არა წლის პირველი კვარტალი [მასობრივი პროტესტი და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა].

ამასთან, შალვა ალავერდაშვილმა 2025 წლის შეჯამებისას ყურადღება იმ შიდა დინამიკაზე გაამახვილა, რომელიც მშრალი ციფრების მიღმა იმალება.

ჰოტელიერი აღნიშნავს, რომ 2025 წელი თბილისისთვის პოსტპანდემიურ პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„თბილისში, წელს წლიურ ჭრილში ნამდვილად გვქონდა თითქმის 10-11%-იანი მატება სასტუმროს დატვირთულობის თვალსაზრისით და რომ არა მძიმე სტარტი, უფრო მეტსაც მივაღწევდით. რეალურად, პირველი კვარტალის შემდეგ დავიწყეთ ფეხზე წამოდგომა“, - თქვა მან.

რაც შეეხება სამთო-სათხილამურო კურორტებს, შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, სურათი ასეთია:
• გუდაური: „დაფიქსირდა სერიოზული ნახტომი - შარშანდელი 65%-იანი დატვირთულობა წელს 83%-მდე გაიზარდა“.
• ბაკურიანი: „კურორტი თითქმის მთლიანად ლოკალურ ბაზარზე გადავიდა: ბაკურიანში ძირითადი სტუმრები მაინც საქართველოს მოქალაქეები არიან და ქართველების კურორტად იქცა“.

სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის შეფასებითვე, 2025 წელი ყველაზე ნეგატიური კახეთისთვის იყო. მისი თქმით, რეგიონში [სასტუმროების] ჭარბმა მიწოდებამ და ტურისტების გეოგრაფიის ცვლილებამ მძიმე შედეგები გამოიღო.

„კახეთში, ძირითადად, ტურისტები პოსტსაბჭოთა სივრციდან ჩადიოდნენ - უკრაინიდან და რუსეთიდან. ეს სტუმრები ახლა ძალიან ნაკლებია და თითქმის არ რჩებიან. თუ მიდიან, ერთდღიან ტურს აკეთებენ – რესტორანში შეიძლება მიირთვან, მაგრამ სასტუმროში აღარ ჩერდებიან...

ამდენად, კახეთს საკმაოდ ნეგატიური წელი ჰქონდა. თელავში ერთადერთი ბრენდული სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“ დროებით დაიკეტა. რამდენიმე სასტუმრო დაკეტვის პირას არის. [მფლობელები] ცდილობენ, 3-4 თვე დახურონ, რომ ხარჯებს გადაურჩნენ... კახეთი გახდა შაბათ-კვირის კურორტი, სადაც ძირითადად ქართველები ჩადიან და კარგ შემთხვევაში პარასკევი-შაბათი რჩებიან“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

ვრცლად bm.ge – ზე