13 მაისის მონაცემებით, Numbeo-ს რეიტინგში, ცხოვრების ხარისხის ინდექსით, მსოფლიოს 256 ქალაქს შორის, თბილისი 211-ე ადგილზეა.

მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცხოვრების ხარისხი ლუქსემბურგის დედაქალაქ ლუქსემბურგშია (234.0), მეორე ადგილზე ნიდერლანდების ქალაქი ჰააგაა (232.2), ხოლო მესამეზე - ნიდერლანდების კიდევ ერთი ქალაქი გრონინგენი (228,6). ზოგადად, ზედა ათეულში ნიდერლანდების 6 ქალაქია, ხოლო პირველი 16 ადგილი სრულად ევროპულ ქალაქებს უკავიათ.

  • ლუქსემბურგი - 234
  • ჰააგა - 232.2
  • გრონინგენი - 228.6
  • ეინდჰოვენი - 225
  • ბერნი - 219.1

რაც შეეხება თბილისსა და ჩვენს მეზობლად მდებარე ქვეყნების ქალაქებს, ჩვენი დედაქალაქის ცხოვრების ხარისხის ინდექსის კოეფიციენტი 120.1-ია, რაც მსოფლიოში - 211-ე, ხოლო ევროპის 101 ქალაქს შორის, 92-ე მაჩვენებელია.

  • მოსკოვი - 189-ე ადგილი - 131.5
  • თბილისი - 211-ე ადგილი - 120.1
  • ბაქო - 214-ე ადგილი - 117.1
  • ერევანი - 218-ე ადგილი - 114.3

უკვე აღვნიშნეთ, რომ სიის პირველ 16 ადგილზე ევროპული ქალაქებია, მსოფლიოში ცხოვრების ხარისხით ყველაზე გამორჩეული არაევროპული ქალაქი კი ავსტრალიის ბრისბენია (205.0), რომელიც სრულ ჩამონათვალში მხოლოდ მე-17 პოზიციაზეა.

რაც შეეხება ცხოვრების ხარისხით მსოფლიოს ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე ქალაქებს, ბოლო ხუთეული ასეთია:

  • კოლომბო (შრი ლანკა) - 252-ე ადგილი - 73.2
  • თეირანი (ირანი) - 253-ე ადგილი - 66.8
  • დაკა (ბანგლადეში) - 254-ე ადგილი - 65.6
  • მანილა (ფილიპინები) - 255-ე ადგილი - 62.4
  • ლაგოსი (ნიგერია) - 256-ე ადგილი - 6.5

განვმარტოთ, რომ ცხოვრების ხარისხის ინდექსი კომპოზიტური საზომია და ამ ფაქტორთა გათვალისწინებით გამოითვლება: მსყიდველობითი უნარი, დაბინძურება, საცხოვრებლის ხელმისაწვდომობა, ცხოვრების ღირებულება, უსაფრთხოება, ჯანდაცვის ხარისხი, მგზავრობის დრო და კლიმატი. ინდექსის უფრო მაღალი მაჩვენებელი ცხოვრების უკეთეს ხარისხზე მიუთითებს.

წყარო: www.bpn.ge