ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს, თუ მიმდინარე კვირაში მშვიდობის მიმართულებით პროგრესი არ იქნება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ამ კვირაში თუ რეალური პროგრესი არ იქნება, ერთობლივად ვიმუშავებთ სანქციების მნიშვნელოვანი გამკაცრებისთვის“, – აღნიშნა მერცმა ბერლინში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან, კირიაკოს მიცოტაკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მერცის განმარტებით, ევროკავშირი განიხილავს სანქციების გამკაცრებას ენერგეტიკის სექტორზე.
თავის მხრივ, მიცოტაკისმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი ცენტრალურ როლს უნდა ასრულებდეს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას ებრძვის.
„ევროკავშირი ერთიანი უნდა იყოს“, – განაცხადა მიცოტაკისმა.