„თუ ჩვენს ქვეყანაში გავამარტივებთ ბანკების ლიცენზირებას იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მაღალი კალიბრის, მსოფლიო მასშტაბით სანდოდ აღიარებულ და მყარი რეპუტაციის მქონე ბანკებს, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ გაახარებს საბანკო სექტორს და გააძლიერებს მას“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საბანკო სექტორში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას BTU-ს ასოცირებულმა პროფესორმა, საბანკო ექსპერტმა მაია ხელაძემ განაცხადა.
ცნობისთვის, კომერციული ბანკების ლიცენზირების წესებში ცვლილებები იგეგმება. როგორც შესაბამის კანონპროექტში ვკითხულობთ, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი უკვე იცნობს ლიცენზირების პროცედურის გამარტივების შესაძლებლობას უცხოური სანდო ბანკის საქართველოს ბაზარზე შემოსვლის ხელშეწყობის მიზნით. ამავე მიზნით, კანონპროექტით დაიხვეწა უცხოური სანდო ბანკის განმარტება.
კანონპროექტით შემოთავაზებული რედაქციით, უცხოური სანდო ბანკი, განიმარტა როგორც ბანკი, რომელსაც აქვს კომპეტენტური საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული, გარკვეული დონის ან მასზე მაღალი რეიტინგი.
ამას გარდა, კანონის ნორმის დაზუსტებით კიდევ უფრო ცხადად განისაზღვრება, რომ უცხოური ბანკის ფილიალის ან შვილობილი კომპანიის ლიცენზირება შეიძლება განხორციელდეს გამარტივებული წესით, თუ აღნიშნულ ბანკს აქვს ცნობადობის მაღალი დონე, კარგი რეპუტაცია, ფინანსურ სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, მდგრადი ფინანსური მაჩვენებლები, გამჭვირვალობის მაღალი დონე და აკმაყოფილებს უცხოური სანდო ბანკისთვის დადგენილ კრიტერიუმებს.
როგორც მაია ხელაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ განმარტავს, მთავარი რისკი, რასაც დაგეგმილ ცვლილებებში ხედავს, საბანკო სექტორის არათანაბარ პირობებში ჩაყენება და გარკვეული ინსტიტუციებისთვის სალიცენზიო შეღავათების მინიჭებაა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საერთაშორისო მოთამაშეები არიან.
„თუ ჩვენს ქვეყანაში გავამარტივებთ ბანკების ლიცენზირებას იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება მაღალი კალიბრის, მსოფლიო მასშტაბით სანდოდ აღიარებულ და მყარი რეპუტაციის მქონე ბანკებს, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ გაახარებს საბანკო სექტორს და გააძლიერებს მას.
რაც შეეხება იმას, რომ საქართველოს საბანკო სექტორში მაღალია ორი ბანკის კონცენტრაცია, ამაზე საყოველთაო მსჯელობა მიდის და სწორედ რომ ასეა. რა თქმა უნდა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ყველა ბანკს აქვს საშუალება, თავისი შესაძლებლობები აჩვენოს და კარგია, რომ ამ ორ ბანკს ასეთი შედეგები აქვს. თუმცა, დანარჩენი ბანკებსაც ვერ დავუკარგავთ მოღვაწეობასა და წვლილს, რადგან საბანკო სექტორში თავის როლს ისინიც თამაშობენ და დაკავებული აქვს ყველას თავისი ნიშა.
ამიტომ, კონკურენციის ნაკლებობაზე ვერაფერს ვიტყოდი. კონკურენცია მაღალია, რაზეც მეტყველებს საბანკო სერვისების ის ხარისხი, რომელიც საქართველოში არსებობს. არა მხოლოდ რეგიონის მასშტაბით შეგვიძლია ვიყოთ ამაყები, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც ფინანსური სექტორის და კონკრეტულად, საბანკო სფეროს განვითარების კუთხით.
ორი ბანკის კონცენტრაციასა და მონოპოლიზაციაზე როდესაცაა საუბარი, არ ვეთანხმები, რომ ბაზარი მონოპოლიზებულია. იმიტომ, რომ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მისთვის სასურველი ინსტიტუცია შეარჩიოს, მისი სერვისებით ისარგებლოს და თავად გადაწყვიტოს, რომელი ბანკით სურს ოპერირება. ამას არავინ უკრძალავს.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ მოხდება ამ კანონის შემდგომი აღსრულება. თუ ისეთ მოთამაშეებს ვიხილავთ, რომლებიც მსოფლიო ბაზარზე ქმნიან კლიმატს, რა თქმა უნდა, ძლიერი მოთამაშის გამოჩენა კიდევ უფრო გაზრდის კონკურენციას და უფრო ხელსაყრელს გახდის ფასთა პოლიტიკას, რასაც ბანკები მომხმარებლებისთვის აწარმოებენ. კონკურენციის გაზრდის კვალობაზე, ხარისხსაც კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
რაც შეეხება ამ კანონპროექტით გამოწვეულ რისკებს, არათანაბარ პირობებში საბანკო სექტორის ჩაყენება არის ის საფრთხე, რასაც მე ამ შემთხვევაში ვხედავ. საბანკო ლიცენზიის გაცემა ეროვნული ბანკიდან საკმაოდ რთული პროცედურაა. პრაქტიკულადაც, ვნახეთ ჩვენ ამის რეალური აღსრულება, როდესაც ლიცენზიის გაცემიდან 2-3 წელი სჭირდებათ ბანკებს, რომ სრულყოფილი საბანკო სერვისები მიაწოდონ ბაზარს.
შესაბამისად, ეროვნული ბანკის მოთხოვნები, ის კრიტერიუმები და ეტაპები, რომლებსაც ქართულ საბანკო სივრცეში ჩვეულებრივი მოთამაშეები მისდევენ, თუ განსხვავებული და გაცილებით გამარტივებული იქნება ისეთი მოთამაშეებისთვის, რომლებსაც ამ კანონპროექტის ფარგლებში ბაზარზე შემოსვლის უფლება ექნებათ, ეს უსამართლო მიდგომა იქნებოდა.
რამდენიმე სალიცენზიო მოთხოვნა უკვე შესულია ეროვნულ ბანკში და თუ პრიორიტეტი პირველ რიგში საერთაშორისო მოთამაშეებს მიენიჭებათ მხოლოდ იმის გამო, რომ საერთაშორისო ინსტიტუციები არიან, ეს ქართულ ბანკებს არაკონკურენტულ და არაჯანსაღ მდგომარეობაში ჩააგდებს“, - აცხადებს მაია ხელაძე.
„ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ, ხომ არა რის ცნობილი, ვის სურს საბანკო ლიცენზიების მიღება ეროვნული ბანკისგან, მაია ხელაძე აცხადებს, რომ ერთ-ერთი საერთაშორისო მოთამაშეა.
„არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ბაზარზე შემოსვლის მსურველები არიან. მათ შორის, საერთაშორისო მოთამაშეც კი არის მსურველი, რომ საქართველოში საბანკო ლიცენზია მიიღოს. რატომაც არა, ბოლო პერიოდს თუ დავაკვირდებით, საქართველო გარკვეულწილად განიხილება როგორც ფინანსური ჰაბი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ბიზნესების ფინანსური თვალსაზრისით დასაკავშირებლად დასაკავშირებლად“, - განაცხადა მაია ხელაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.
წყარო: bpn.ge