ბაბ-ელ-მანდების სრუტის შესაძლო ჩაკეტვამ შესაძლოა გლობალურ ვაჭრობასა და ენერგეტიკულ ბაზარზე ახალი კრიზისი გამოიწვიოს. იემენელი ჰუსიტები წითელი ზღვის ამ სტრატეგიულ მონაკვეთზე მნიშვნელოვან სამხედრო გავლენას ფლობენ და საჭიროების შემთხვევაში საზღვაო მიმოსვლის შეფერხება შეუძლიათ.
ბაბ-ელ-მანდები წითელ ზღვას ადენის ყურესა და ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს. სრუტე ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო დერეფანია, რადგან მასზე გამავალი გემები შემდეგ სუეცის არხს იყენებენ.
სრუტის ყველაზე ვიწრო მონაკვეთი დაახლოებით 29 კილომეტრია. ამ მარშრუტზე გადის მსოფლიო ნავთობისა და ბუნებრივი აირის საზღვაო გადაზიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი.
თუ ჰუსიტები სრუტეში გემების მოძრაობას შეზღუდავენ ან მთლიანად შეაჩერებენ, საზღვაო კომპანიებს აფრიკის სამხრეთით, კეთილი იმედის კონცხის გავლით გადაადგილება მოუწევთ. ასეთი მარშრუტი რამდენიმე ათასი საზღვაო მილით გრძელია და ტვირთის დანიშნულების ადგილზე ჩასვლას შესაძლოა დამატებით 20 დღემდე დასჭირდეს.
გრძელი მარშრუტი გაზრდის საწვავის, ეკიპაჟის, დაზღვევისა და გემების მომსახურების ხარჯებს. საბოლოოდ ეს დანახარჯები პროდუქციის ფასებში აისახება და ინფლაციას გააძლიერებს.
ჰუსიტების მიერ 2023 წლის ბოლოს დაწყებული თავდასხმების შემდეგ მსოფლიოს რამდენიმე მსხვილმა საზღვაო კომპანიამ წითელი ზღვის მარშრუტი უკვე დატოვა და აფრიკის შემოვლითი გზა აირჩია. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ ცვლილებამ გლობალურ საკონტეინერო გადაზიდვებს ყოველწლიურად დაახლოებით 7-9 მილიარდი დოლარის დამატებითი ხარჯი მოუტანა.
სრუტის სრულად ჩაკეტვის შემთხვევაში ზეწოლა განსაკუთრებით ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის ბაზარზე გაიზრდება. ბაბ-ელ-მანდების გავლით ევროპაში სპარსეთის ყურის ნავთობი და კატარის თხევადი ბუნებრივი აირი მიეწოდება.
რისკს ზრდის ისიც, რომ ჰორმუზის სრუტეში არსებული შეფერხებების გამო წითელი ზღვა ახლო აღმოსავლეთის ენერგორესურსების ექსპორტისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. Reuters-ის ინფორმაციით, 2026 წლის ივნისში ბაბ-ელ-მანდების გავლით ყოველდღიურად დაახლოებით 7.4 მილიონი ბარელი ნავთობპროდუქტი გადაიზიდა, რაც მსოფლიო ნავთობის წარმოების დაახლოებით 7%-ს შეადგენდა.
საუდის არაბეთმა ჰორმუზის სრუტეში შექმნილი პრობლემების შემდეგ ნავთობის ექსპორტის დიდი ნაწილი წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე იანბუს პორტისკენ მიმართა. თუ ბაბ-ელ-მანდებიც ჩაიკეტება, ამ ალტერნატიული მარშრუტის გამოყენება მნიშვნელოვნად გართულდება.
ენერგორესურსებთან ერთად შეფერხდება საკვების, სასუქების, ელექტრონიკის, ავტომობილებისა და სხვა სამომხმარებლო საქონლის მიწოდებაც. ყველაზე მძიმე გავლენა შესაძლოა ევროპაზე, აღმოსავლეთ აფრიკაზე, ახლო აღმოსავლეთსა და აზიის იმ ქვეყნებზე გავრცელდეს, რომლებიც წითელი ზღვის მარშრუტზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული.
კიდევ ერთი პრობლემა საზღვაო დაზღვევაა. სამხედრო რისკის ზრდის შემთხვევაში სადაზღვევო კომპანიები პრემიებს მკვეთრად გაზრდიან, ან შესაძლოა კონკრეტულ მარშრუტებზე გემების დაზღვევაზე საერთოდ უარი თქვან.
ბაბ-ელ-მანდების ჩაკეტვა მხოლოდ რეგიონული პრობლემა არ იქნება. ეს გამოიწვევს ტვირთების დაგვიანებას, ენერგორესურსებისა და საკვების გაძვირებას, მიწოდების ჯაჭვების შეფერხებას და გლობალური ინფლაციის ზრდას.
ამ ეტაპზე სრუტეში მიმოსვლა გრძელდება და სრული ბლოკადა არ ამოქმედებულა. თუმცა ჰუსიტების წინა თავდასხმებმა აჩვენა, რომ ჯგუფს მნიშვნელოვანი საზღვაო მარშრუტების შეფერხების შესაძლებლობა ნამდვილად აქვს.
წყაროები:
https://www.habtoorresearch.com/programmes/houthis-close-bab-el-mandeb/